„მოხდება ძალიან დიდი გადაჯგუფება. მგონია, რომ ეკონომიკურ კრიზისს ვერ ავცდებით, განსაკუთრებით, უახლოეს რამდენიმე თვეში“, - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „360 გრადუსი“ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ დასავლური დაფინანსებით მოქმედი ბევრი პროექტი შეჩერდება, ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ემიგრაციას ქვეყნიდან.
„უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს ყველაფერი. მე თუ მკითხავთ, ალბათ ხალხი უნდა დაეხმაროს ისევ ერთმანეთს. ძალიან ხშირად ვხვდები პოსტებს, რომლითაც მოუწოდებენ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება სამსახურები დაკარგონ, ეუბნებიან, რომ ესპანეთში ორ ადამიანს დავასაქმებ, ჰოლანდიაში სამს. ეს არის გამოსავალი, რომ აქედან კიდევ წავიდეს ხალხი? გარკვეულწილად, შეიძლება არის. ჩვენ შეიძლება როდისმე დაგვჭირდეს ისეთი პროგრამის დაწერა, რომ ერთი მიდის საზღვარგარეთ და სამ ადამიანს შეინახავს. ძალიან რთულია ეს ყველაფერი.
ამიტომ, ვინც ელემენტარულად წერა-კითხვა იცის, იქნებ კერძო სექტორმა დაასაქმოს, იმიტომ, რომ დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ შეწყდება ძალიან ბევრი პროგრამის დაფინანსება. ეს პროგრამები იყო საგანმანათლებლო და ძალიან მაღალი ინტელექტის ადამიანები რომ დაკარგავენ სამსახურს ამ პატარა ქვეყანაში, სად წავლენ. ყველა ხომ ვერ მოახერხებს, რომ მცირე ბიზნესი დაიწყოს თუნდაც. ამიტომ მოხდება ძალიან დიდი გადაჯგუფება. მგონია, რომ ეკონომიკურ კრიზისს ვერ ავცდებით, განსაკუთრებით, უახლოეს რამდენიმე თვეში“, - აღნიშნა ია თაბაგარმა და დაამატა, რომ ბიზნესის ნაწილი მზად არის გაფიცვისთვის, ნაწილი არა. დიდი ბიზნესები დუმან, რადგან ცდილობენ არ გაანაწყენონ ხელისუფლება.
ტურიზმის ექსპერტი დარწმუნებულია, თუ დიდი ბიზნესები ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას არ გააპროტესტებენ, საქართველო ტურიზმის კუთხით რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან ამ სექტორზე პოლიტიკური პროცესები დიდ გავლენას ახდენს.
„ასეთი ბიზნესი უამრავია, რომელიც ფიქრობს, რომ მოდი მოვერგები, ვინც უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს.
მე ვარ ერთ-ერთი მაგალითი იმის, რომ ძალიან ხშირად გეუბნებიან, რატომ გადარდებს, თუ ყველაფერი კარგად გაქვს. ბევრი ძალიან ძლიერი ბიზნესი, მათ შორის სასტუმროები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომლებიც განლაგებულია კურორტებზე, მათი უმეტესობა შექმნილ სიტუაციას აპროტესტებს. თუმცა, მთლიანობაში, მე არ მაქვს ბიზნესის იმედი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ბიზნესის მფლობელი, არის შეუგნებელი. ეს სიტყვა განაპირობებს იმას, რომ მათ თუ არ გააცნობიერეს საით მივექანებით, შეიძლება წლები დასჭირდეს ყველაფრის აღდგენას.
ტურიზმი მარტო ბიზნესი არ არის, პოლიტიკაც არის. მაგალითად მოვიყვან იტალიას, რომელიც თავის მოქალაქეებს ეუბნება რომელ ქვეყანაში უნდა წავიდნენ და რომელ ქვეყანაში არ წავიდნენ, სად ემუქრებათ საფრთხე და ა.შ. ამიტომ თუ ეს სიტუაცია არ შეიცვლება, არაფერს აზრი არ ექნება, არც ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს, არც ფრენის სიხშირეების გაზრდას და სხვადასხვა ქვეყანაში გამოფენებზე სიარულს, ტურიზმი ყოველთვის იწყება პოლიტიკით“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.