2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავალმა 795.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 102%-ით მეტია 2022 წლის I კვარტალზე და 38%-ით აღემატება 2019 წლის I კვარტალის მაჩვენებელს. ინფორმაციას PMCG ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს.
„აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობდა და, 2022 წლის მესამე კვარტალიდან მოყოლებული, საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავალი აჭარბებდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს. შემოსავლის ამ სწრაფ ზრდაში დიდი როლი შეასრულა ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა გრძელვადიანი მოგზაურების დანახარჯების ზრდა, ვიზიტის ხანგრძლივობის გაზრდა და საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
2023 წლის I კვარტალში რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იყო და შეადგინა 266.4 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი შემოსავლის 33.5%), რაც 29%-ით მეტია 2019 წლის შემოსავალზე. რუსეთს მოსდევდა თურქეთი (7.6%-ით აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელს და შეადგენს ვიზიტების საერთო რაოდენობის 12%-ს) და სომხეთი (ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებელს 21.5%-ით და შეადგენს ვიზიტების საერთო რაოდენობის 9%-ს).
2023 წლის I კვარტალში ქვეყნებს შორის შემოსავლის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო აზერბაიჯანისთვის (აღდგენილია პანდემიამდელი შემოსავლის 36%). ამავდროულად, რუსეთის შემდეგ შემოსავლის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო უკრაინისა (78%) და ისრაელისთვის (68%).