ადრე თუ დამსვენებლები ძირითადად, აზიიდან - მათ შორის, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან იყვნენ, ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა და ბაზარზე ევროპელი და ამერიკელი ტურისტები გამოჩნდნენ, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ს მფლობელმა ივერი ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ევროპელი და ამერიკელი ტურისტები შედარებით უფრო მაღალგადამხდელუნარიანია, ვიდრე აზიური ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები.

ივერი ჭელიძის თქმით, სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროს გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით გაზრდილია. 

"აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ივლისი და აგვისტო ბრწყინვალე იყო. სასტუმრო 80%-ია დატვირთულობით მუშაობდა და დამსვენებლების 50% ქართველი იყო, ხოლო 50% უცხოელი, მათ შორის, აზიიდან, აშშ-დან და ევროპიდან.

რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე პერიოდს - 50-60%-იანი დატვირთულობა გვაქვს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე მაღალია. საერთო ჯამში ჩვენი ზრდა ივლისი-აგვისტოს პერიოდში 40%-ს შეადგენდა, ხოლო სექტემბერში 20%-იანი ზრდა გვაქვს," - აცხადებს ივერი ჭელიძე.

რაც შეეხება ზამთრის ჯავშნებს - როგორც სასტუმროს მფლობელი აღნიშნავს, წელს სავარაუდოდ, კარგი თოვლი იქნება და შესაბამისად, პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

ცნობისთვის, სასტუმრო Chalet Mestia სვანეთში, დაბა მესტიაში 5 წლის წინ დაფუძნდა.  სასტუმრო 15 ნომერს და რესტორანს მოიცავს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი