რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ტურიზმის სექტორის განვითარება კი არ გაჩერდება, არამედ უკან დაიხევს. შოთა ბურჯანაძე განმარტავს, რომ ცვალებად რეჟიმში ყოფნა სექტორს აზარალებს და ქვეყანას დროს დააკარგვინებს. ეს განცხადება რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ჩვენი კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ქვეყნის წინაშე წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო დროს შეეხებოდა.
,,ცვალებად რეჟიმში უბრალოდ ვერ განვითარდება სექტორი და უკან დაიხევს. რაც შეეხება, რამდენი ხანი იქნება საჭირო იმისთვის რომ დავძლიოთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ჩვენი პრობლემები? არსებობს განვითარების რაღაც შკალა. თუ გვინდა ვიყოთ 10-ზე, ვიქნებით 2-ზე. სანამ იმ ათს დავუბრუნდებით, დრო გადის. ქვეყანას სჭირდება, რომ უფრო მარტივად და მცირე დროში განვითარდეს. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში განვითარებას დასჭირდება დიდი დრო.“- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საქართველო ევროპელ ტურისტებს ბუნებრივად იზიდავს. ქვეყანას არ მოუწია მათ გემოვნებასა და ინტერესებზე აწყობა. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ქართული კულტურა, ღვინო და გასტრონომია თავად იწვევს ევროპელების ინტერესს.
,,ის რაც ჩვენ გვაქვს მისაღებია ევროპული ტურისტებისთვის. ეს არის ბუნებრივი. ჩვენ კი არ ავეწყეთ მათ გემოვნებაზე, უბრალოდ რაც გვაქვს ეს მათთვის მისაღებია. შესაბამისად, მორგებული არის ორი მხარის გემოვნებას. დღეს დასავლეთიდან ჩამოსულ ტურისტს აინტერესებს ჩვენი კულტურა, გასტრონომია, ღვინო. ამ მიმართულებებით ინფრასტრუქტურულად, ბუნებრივად, კულტურულად თუ თვისობრივად ავეწყეთ. ამის ჩანაცვლება, ამაში ცვლილებები და ა.შ. უბრალოდ თითქმის წარმოუდგენელია. შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ის რაც გვაქვს, რატომ უნდა დავკარგოთ და რატომ უნდა შევქმნათ ახალი?“- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ სექტორის განვითარებისთვის საჭიროა არჩეული გზის გაგრძელება. მისი განმარტებით, ცვალებადი რეჟიმი სექტორს უკან აბრუნებს. მაგალითისთვის მას კოვიდ პანდემიის პერიოდი მოჰყავს, როდესაც ქვეყანაში უამრავი სარესტორნო ბიზნესი დაიხურა, ნაწილმა კი გაფართოება ვერ შეძლო და მეტიც ქსელურმა რესტორნებმა ობიექტები დახურეს. მიუხედავად სირთულეებისა, სექტორმა კრიზისიდან თავის დაღწევა შეძლო, თუმცა მან განვითარება ქვედა საფეხურიდან გააგრძელა.
,,ჩვენ ყველაზე რთული სიტუაცია გვქონდა კოვიდის დროს. იმ სიტუაციიდან სექტორი ასე ვთქვათ გამოძვრა. მაგრამ რას ნიშნავს სექტორი გამოძვრა? ბევრი დაიხურა, ბევრმა ქსელურმა რესტორანმა ობიექტის შეამცირა. ახალი გაიხსნა და ახალი ადამიანები შემოვიდნენ ბაზარზე. ასეთი პროცესები ჩვენი ქვეყნისთვის არის და იქნება ძალიან მტკივნეული. იმიტომ, რომ არ ხდება ჩამოყალიბება რაღაც სტანდარტების. ყოველთვის ახალი მოთამაშე თავისი ახალი მიმართულებებით შემოდის, სანამ შეიძენს იმ აუცილებელ სტანდარტებს, რაზეც მოთხოვნა არსებობს.“- აცხადებს შოთა ბურჯანაძე