სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ოპერირების ეფექტიანობა შეისწავლა. უწყებამ არაერთ ნაკლოვანება აღმოაჩინა და ანგარიშში არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სისტემას ეფექტიანად ვერ ვიყენებთ და ამის გამო ფერმერები ზარალდებიან.
2015 წლიდან კახეთის რეგიონში ოპერირებს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც სსიპ − დელტას სეტყვასაწინააღდეგო სისტემის მართვის დეპარტამენტი მართავს სეზონურად, 1 აპრილიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში.
აუდიტის სამსახურის ცნობით, ბოლო წლებში სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის ფუნქციონირებისათვის გაწეული ხარჯის დინამიკა მზარდია და 2020-2024 (11 თვე) წლებში 38.6 მლნ ლარი შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, სოფლის განვითარებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სრულყოფილად არ აღირიცხება ქვეყნის მასშტაბით სეტყვიან დღეთა რაოდენობა და მისგან მიყენებული ზიანი. აღნიშნულმა გავლენა იქონია აუდიტის მიზანზე − სრულყოფილად შეაფასოს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანობა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ სსიპ − დელტა სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანობის განსაზღვრისთვის, ერთ-ერთ კომპონენტად იყენებს სწორედ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
ნაკლოვანებები და გამოწვევები გამოვლინდა უშუალოდ სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მართვის პროცესში, რის შედეგადაც ვერ განხორციელდა სისტემის ეფექტიანი გამოყენება, კერძოდ:
1. სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის ფუნქციონირებისათვის საწყის და უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგური „რადარი“. მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, სისტემა ხდება უფუნქციო. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი რადარი, რომელიც სისტემის ფუნქციონირების დაწყების დღიდან, მუშაობს სრული დატვირთვით. ამ ეტაპზე მისი საგარანტიო ვადა ამოწურულია და იმყოფება პოსტგარანტიულ მომსახურებაზე.
რადარის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება გერმანელი სპეციალისტების მიერ. მათ ყოველწლიურ მოხსენებებში მითითებულია რეკომენდაციები, რადარის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო აქტივობების შესახებ. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სპეციალისტების მიერ გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მეორდება სხვადასხვა წლის მოხსენებებში და მათი აღმოფხვრა ხორციელდება დაგვიანებით.
მიუხედავად სპეციალისტების მიერ ყოველწლიური გეგმური შემოწმებებისა, სისტემის ფუნქციონირების დაწყებიდან დღემდე (2015-2024 წლები), რადარი არაერთხელ გამოვიდა მწყობრიდან, რამაც გამოიწვია მისი სრულად გათიშვა. იყო შემთხვევა/შემთხვევები, როდესაც რადარის გათიშვის შედეგად დაისეტყვა გარკვეული ტერიტორიები.
რადარის მწყობრიდან გამოსვლისას, სხვადასხვა შემთხვევაში ვერ ხორციელდება შესაბამისი სამუშაოების ჩატარება სსიპ − დელტას მიერ და ვერც გერმანელი სპეციალისტები უზრუნველყოფენ დისტანციურად პრობლემების აღმოფხვრას. ამდენად, საჭირო ხდება მათი საქართველოში ჩამოსვლა, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს და შესაბამისად, აღნიშნული უარყოფითად აისახება პროცესის ეფექტიანობაზე.
დეპარტამენტი დამატებითი რადარის შესყიდვის აუცილებლობის საკითხს 2018 წლიდან აყენებს, თუმცა დღეის მდგომარეობით, დამატებითი რადარი არ არის შესყიდული.
2. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების გამართულად ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესია კომპონენტებს შორის შეუფერხებელი კავშირი. ნაკლოვანებები გამოვლინდა აღნიშნული მიმართულებითაც, კერძოდ:
რადართან კავშირი ხორციელდება ინტერნეტით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე აღნიშნული ქსელი გაყვანილია საჰაერო გზით, რის გამოც, უამინდობის შემთხვევებში, კავშირი ან შეფერხებებით მიმდინარეობს, ან სრულად წყდება
იყო შემთხვევები, როდესაც სეტყვიან ღრუბელზე ზემოქმედება ვერ განხორციელდა, რადგან საცეცხლე დანადგარი არ იყო კავშირზე, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მექანიკური დაზიანებით, უამინდობით, ასევე მობილური ოპერატორის ანძების განლაგებით და მისი სხვა სისტემური თანმდევი ოპერაციებით.
3. სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარით ზემოქმედების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიმაღლით და მანძილითაა დაშორებული ღრუბელი. სეტყვიანი ღრუბლის სიმაღლე პირდაპირ მოქმედებს დანადგარის გარშემო დასაცავი ტერიტორიის არეალის შემცირებაზე (რადიუსზე).
გამოვლინდა, რომ არსებული საცეცხლე დანადგარების რაოდენობა და შესაბამისად, განლაგება, სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას, ვერ ფარავს სრულად დასაცავ არეალს (ზონებს) და საჭიროა მათი რაოდენობის გაზრდა − ახალ ლოკაციებზე დამატება.
დანადგარების სიმცირესთან ერთად, მათ ნაწილს გააჩნიათ ე.წ. აკრძალული აზიმუტები, რაც გულისხმობს, რომ ღრუბელზე ზემოქმედება ვერ განხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით (მუნიციპალური და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრები).
დანადგარები არ არის განლაგებული წინა დამცავ (ბუფერულ) ზონებში, რომლებიც ესაზღვრება დასაცავ ტერიტორიას. შესაბამისად, ვერ ხორციელდება სეტყვის მარცვლის მატარებელი ღრუბლის დასაცავ ტერიტორიაზე შემოსვლამდე წინასწარ დამუშავება.
დღეის მდგომარეობით, არსებული 92 დანადგარი გასროლას ახორციელებს, მაქსიმუმ, 7 კმ-ის სიმაღლეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იყო შემთხვევები, როდესაც დაისეტყვა და დიდი ზიანი მიადგა სხვადასხვა ტერიტორიას. სსიპ − დელტას მიერ აიწყო და 2024 წელს გამოიცადა საცეცხლე დანადგარი, რომელიც გასროლას ახორციელებს 8 კილომეტრის სიმაღლეზე და 11 კილომეტრის მანძილზე. დანადგარი განთავსებულია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში.
4. ხარვეზები გამოვლინდა სეზონის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საკმარისი რაკეტების შესყიდვის მიმართულებით, რის გამოც დაისეტყვა კახეთის მუნიციპალიტეტების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები; ასევე ნაკლოვანებებით ხასიათდება საცეცხლე დანადგარების რაკეტებით შევსების პროცესი.
2023 წლის დასაწყისში დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი იყო 5000 ცალი რაკეტის შეძენა, თუმცა სეზონის დასაწყისში შესყიდულ იქნა მხოლოდ 2500 ცალი რაკეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეტეოროლოგიურად აქტიურ პერიოდში წარმოიქმნა რაკეტების დეფიციტი. კერძოდ: 18-19 ივნისს სეტყვის მოსვლის ალბათობა იყო 100%, ხოლო რაკეტების გამშვებ სისტემაში ჩატვირთული იყო მხოლოდ 353 რაკეტა, მაშინ როდესაც იმ დროისთვის არსებული 90 დანადგარის სრულად დასატენად საჭირო იყო 2340 ერთეული რაკეტა, ანუ თითქმის 7-ჯერ მეტი.
გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საცეცხლე დანადგარებში რაკეტები არ არის ჩატვირთული სრული რაოდენობით. ამასთანავე, არის შემთხვევები როდესაც აქტიური ზემოქმედების პროცესში დანადგარებში ამოიწურა რაკეტები. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია თანამშრომელთა სიმცირით. კერძოდ: 92 საცეცხლე დანადგარის რაკეტებით შევსებას, დღეის მდგომარეობით, უზრუნველყობს 4 ჯგუფი, ჯამში − 13 პირი, რაც არასაკმარისია. ამასთანავე, ერთი ჯგუფი შედგება 4 სპეციალისტისგან, ანუ არსებული ჯგუფებიც სრულად არ არის დაკომპლექტებული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დანადგარების რაკეტებით შევსება შესაძლოა საჭირო გახდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს და ძირითადად, ცუდი ამინდის პირობებში. ამასთანავე, დანადგარები განლაგებულია კახეთის რეგიონის სხვადასხვა წერტილში, ძირითადად, რთულ რელიეფზე, რაც პროცესს უფრო ართულებს.
5. სეტყვიან ღრუბელზე ზემოქმედების მოხდენის დაწყებამდე საჭიროა ნებართვა საქაერონავიგაციისგან. ხშირია შემთხვევები, როდესაც მიღებული შეზღუდვის გამო, დეპარტამენტმა ვერ განახორციელა დაკისრებული მოვალეობა − ზემოქმედება მოეხდინა სეტყვის წარმომშობ ღრუბლებზე.
საქაერონავიგაციის აკრძალვები განსაკუთრებით გავლენას ახდენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან არც თუ ისე ახლოს მდებარე კახეთის რეგიონის ტერიტორიებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაზრდის შეზღუდვებს ქალაქ თელავის აეროპორტის ამოქმედება, რომელიც დღეის მდგომარეობით გათვალისწინებულია მხოლოდ ქვეყნის შიდა ფრენებისთვის.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარები, მათი ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებშიც, ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალურ პროდუქტიულობას, რაც წარმოშობს ფერმერთა ზიანის რისკებს.
ალტერნატიული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების ნაკლებობა და მათი დანერგვის პროცესში არსებული გამოწვევები
საქართველოში არსებობს სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ კახეთის რეგიონში. შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაცვა სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით ვერ ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დიდი ნაწილი (გარდა ყურძნისა) მოდის სხვა რეგიონებში.
შიდა ქართლში სეტყვაზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოების შექმნის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2021 წელს შეიქმნა კონცეფცია − „სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა შიდა ქართლის რეგიონში“. სადაც ასახულია რეგიონში სისტემის დანერგვის მიზეზები და ასევე განხილულია, ტერიტორიის გათვალისწინებით, მასზე ზემოქმედების მისაღები მეთოდი.
კონცეფციაში აღნიშნულია, რომ შიდა ქართლში მიზანშეწონილი იყო სეტყვასაშიშ ღრუბლებში რეაგენტის შეყვანა მცირე ავიაციის გამოყენებით, ნაცვლად რაკეტების ან ქვემეხებისა, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე.
საკითხთან მიმართებით კომუნიკაცია შედგა და კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა ორგანიზაციასთან. გაანალიზდა არაერთი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი, ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტთა ავტორობით. ასევე: საქართველოში იმყოფებოდა კომპანია „ავსტრო-კონტროლის“ პილოტი, რომელმაც შეაფასა საკითხი და წარმოადგინა ანგარიში.
ზემოაღნიშნული აქტივობების შემდგომ, სპეციალისტების მოსაზრებით, შესაძლებელი იყო სეტყვის წინააღმდეგ აქტივობების განხორციელება მცირე ავიაციის გამოყენებით, შესაბამისი ლოჯისტიკის მოწყობისა და პილოტების მოძიების შემთხვევაში, თუმცა აღნიშნული მიმართულებით შემდგომი აქტივობები არ განხორციელებულა.
სეტყვასაწინააღმდეგო ბადის სისტემის მოწყობის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციართა ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი
სეტყვისგან დაცვის (პასიური) ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს დამცავი ბადეების სისტემის მოწყობა, მისი მოხმარების მთავარი დადებითი მხარეა: ღრუბლიდან მოსული სეტყვის შეკავება (ნათესებამდე არ დაშვება). 2019 წლიდან პროგრამის − „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი, დაფინანსების მიღების კრიტერიუმები და წინაპირობები. გამოვლინდა, რომ სეტყვასაწინააღმდეგო ბადის სისტემის მოწყობის პროგრამაში მსურველთა ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია შესაბამისი სისტემის სიძვირით და სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების მცირე ოდენობით.
სეტყვის შედეგად დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების პროცესში არსებული ნაკლოვანებები და გამოწვევები
მხოლოდ 4 დღეში მოსული სეტყვისგან მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 13.3 მლნ ლარი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყანაში სხვადასხვა სახის გამართული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების არსებობის აუცილებლობას, ვინაიდან გაუმართავი/არასრულყოფილი სეტყვასაწინააღმდეგო სისტემებიდან გამომდინარე, მიღებული ზიანი უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
სახელმწიფოს მიერ დაზარალებულთა ერთჯერადი ანაზღაურების პროცესი ხასიათდება სხვადასხვა ნაკლოვანებით. კერძოდ, ვერ ხორციელდება სრულყოფილი მონიტორინგი და მიყენებული ზიანის სრულად და ზუსტად აღრიცხვა, რაც წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი განკარგვის რისკს.
მიგნებებიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახურმა შესაბამისი რეკომენდაციები სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სსიპ დელტას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ გასცა.