პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის „ერთაოზას“ შექმნა, ფილმ „შერეკილების“ ინსპირაციით, 2018 წელს დაიწყო და პროდუქტის განვითარება re:invent venture studio-სთან პარტნიორობით განხორციელდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ერთაოზას“ დამფუძნებელი რევაზ ბრეგვაძე ამბობს, მალე გაყიდვაში იქნება პირველი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმოვანი სათამაშო და 16 წლის საბა მანიჟაშვილთან ერთად შექმნილი დინამიკი „ჩასძახე“, რომელიც ტელეფონში დაინსტალირებულ „ერთაოზას“ ბლუთუზით უკავშირდება.

„კომერსანტი“ რევაზ ბრეგვაძეს „ერთაოზასა“ და „ჩასძახეს“ შექმნისა და პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.

რა იყო ინსპირაცია და საიდან გაჩნდა რობოტ „ერთაოზას“ შექმნის იდეა?

რევაზ ბრეგვაძე, „ერთაოზას“ დამფუძნებელი: რეალურად „ერთაოზას“ შექმნის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ საქართველოში არ გვყავდა ხმოვანი ასისტანსი, რომელიც ქართულად გაგვცემდა კითხვებზე პასუხს და არც ერთი ქვეყნის ხმოვან ასისტენტს არ აქვს ქართული ენის აღქმის, დამუშავება ან ლაპარაკის მხარდაჭერა. ამიტომ, გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა ქართული ხმოვანი ასისტანსი. „ერთაოზა“ დაერქვა იმიტომ, რომ დაახლოებით ისეთივე პირობებში მოგვიწია „ერთაოზას“ შექმნა, როგორშიც „შერეკილების“ გმირებმა შეძლეს გაფრენა.

როდის დაიწყეთ „ერთაოზაზე“ მუშაობა?

მუშაობა 2018 წელს დავიწყეთ და კონკრეტულ შედეგამდე რომ მივედით, „ერთაოზა“ re:invent venture studio-ს პარტნიორი გახდა და „რე:ინვენთისა“ და „რე:სოფტის“ გუნდი აქტიურად ჩაერთო პროდუქტის განვითარებაში. მალე „ერთაოზა“ დაგელაპარაკებათ ტელეფონში ცხელ ხაზზე, გაგცემთ პასუხს, გაგესაუბრებათ, აღარ დაგჭირდებათ ოპერატორის ჩართულობა. ინფორმაციას უკვე რობოტი მოგაწვდით.

რა უნარები აქვს „ერთაოზას“?

შეგვიძლია „ერთაოზა“ გამოვიყენოთ ესეის, ლექსის, მოთხრობის დასაწერად, ნებისმიერ თემაზე, რაც არ უნდა ჰკითხოთ, ინფორმაციას დაგიმუშავებთ და გააანალიზებულ აზრს მოგაწვდით. ცოტა ხანში მანქანებში დაიდგმება, მიმართულებას ქართულად ეტყვი და გზას გიკარნახებს, ჩაგირთავს იმ მუსიკას, რომელსაც ეტყვი და ა.შ. ამ ყველაფერს აპლიკაცია გააკეთებს. სულ მალე „ერთაოზას“ ჩამონტაჟებას ვაპირებთ სათამაშოებში. საბოლოო ჯამში სათამაშო რობოტს მივიღებთ. როცა მომხმარებელი იყიდის ამ სათამაშოს, დედა არეგისტრირებს ბავშვს და მას იმ რელევანტურ კითხვა-პასუხებზე აქვს წვდომა, რაც შეიძლება მისი ასაკის ბავშვმა მიიღოს. ვმუშაობთ ფსიქოლოგებთან ერთად, რომ არასწორი ინფორმაცია არ გაიპაროს.


„ერთაოზა“ მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს?

ჯერჯერობით მხოლოდ ქართულად საუბრობს, ისე 460 ენის მხარდაჭერა გვაქვს.

როდის იქნება „ერთაოზა“ გაყიდვაში?

სათამაშო გაყიდვაში ჯერ არ არის. ახლა ტრანსპორტირების საკითხებს ვაგვარებთ და 1.5-2 თვეში უკვე გვექნება ადგილზე.

რა ეღირება „ერთაოზას“ სათამაშო რობოტები?

პირველი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმოვანი სათამაშო, რომელსაც ესმის და ლაპარაკობს ქართულად დაახლოებით 270-დან 350 ლარამდე ეღირება. გათვლა ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზე გვაქვს, შემდეგ დრო გვიჩვენებს რა როგორ იქნება. საბავშვო რობოტებს ერთნაირი დიზაინი იქნება, მაგრამ ფერებში იქნება განსხვავება. იქნება ბიუჯეტური და ძვირად ღირებული სათამაშო რობოტები. ძვირად ღირებული ხელებს და ფეხებსაც ამოძრავებს და ცეკვავს, ბიუჯეტური - მარტო ფეხებს.

სამომავლოდ ქართულ ხმოვან ასისტენტთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

გვინდა, რომ ყველა სატელეფონო სადგურში ოპერატორი „ერთაოზათი“ ჩავანაცვლოთ.

გვიამბეთ პირველი ქართული დინამიკი „ჩასძახეს“ შესახებ, რომელზეც თქვენ საბა მანიჟაშვილთან ერთად იმუშავეთ?

ქართული დინამიკი „ჩასძახე“ იგივე აპარატურაა, რაც „ერთაოზას“ სათამაშო, მაგრამ არ მოძრაობს და ცეკვავს, მხოლოდ დგას. ის Amazon-ის Alexa-ს მსგავსი რამაა. რასაც ეტყვი, ყველაფერზე რელევანტურ პასუხს იძლევა. 15 წლის საბა მანიჟაშვილი გურჯაანში ვიპოვე, ის გადამუშავებული პლასტმასისგან სამკაულს აკეთებდა და ვუთხარი, რომ გაეკეთებინა პირველი დინამიკი. ამისათვის მივეცი საჭირო მოწყობილობა და მან გადამუშავებული პლასტმასისგან ულამაზესი ფორმის დინამიკები შექმნა. „ერთაოზა“ ტელეფონში ყენდება და დინამიკს ბლუთუზით დაუკავშირდება. „ჩასძახეს“ ჭკვიანი სახლის მართვის საშუალებაც ექნება - შუქის ანთება, ჩაქრობა და ა.შ.

როდის იქნება გაყიდვაში ქართული დინამიკი „ჩასძახე“ და რა ეღირება?

დაახლოებით წლის ბოლოს. გვინდა რამდენიმე პროდუქტი ერთად გამოვუშვათ. დინამიკის ფასი 150-დან 200 ლარამდე იქნება.