რა ხდება, როცა მილიონობით ადამიანი კომპიუტერს ხელოვნების შექმნას სთხოვს? სწორედ ეს კითხვა დასვეს ონლაინ კონტენტის შექმნის პლატფორმა Kapwing-ის უახლესი კვლევის ფარგლებში, რომელიც თითქმის ხუთ მილიონ Midjourney-ის მოთხოვნას მოიცავდა და გამოავლინა კიდეც, თუ რომელი არტისტები, არქიტექტორები და პოპკულტურის წარმომადგენლები გვხვდება პასუხებში ყველაზე ხშირად. 

მართალია, კონტენტს ხელოვნური ინტელექტი ქმნის, მაგრამ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ აღნიშნული დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენს გემოვნებაზე…

როგორც აღმოჩნდა, AI art-ის კატეგორიაში დღეს ალფონს მუჩას, უეს ანდერსონისა და ზაჰა ჰადიდის სახელები დომონირებს. სიის სათავეში არტ ნუვოს ლეგენდა ალფონს მუჩაა, რომლის ხელწერა 230 000-ზე მეტ ნამუშევარში აისახა, ამას მოსდევენ ჰოლანდიელი ოსტატები რემბრანდტი და ლეონარდო და ვინჩი, რითაც დასტურდება, რომ მათი მარადიული მიმზიდველობა ციფრულ ეპოქაშიც აქტუალურია: 

ილუსტრატორებს შორის ფენტეზის ჟანრის მხატვარი WLOP ლიდერობს 166 000-ზე მეტი მაჩვენებლით, რითაც გრეგ რუტკოვსკის და კრენც კუშარტის უსწრებს:

ფილმების მოყვარულებიც საკმაოდ ნოსტალგიურები გამოდგნენ: უეს ანდერსონის პასტელურმა სიმეტრიამ 92 000-ზე მეტი ნამუშევარი შთააგონა და ასე ტიმ ბარტონსა და კრისტოფერ ნოლანს აჯობა:

არქიტექტურაში კი პოპულარული ზაჰა ჰადიდია, ცნობილი თავისი ფართო, მოქნილი სტრუქტურებით. როგორც ჩანს, იგი მომხმარებელთა მთავარ მუზად რჩება, რადგან 63 000-ზე მეტ მოთხოვნაში ახსენეს მისი სახელი. ამ მაჩვენებელს კი მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ფრენკ ლოიდ რაიტი და ტადაო ანდო.

რაც შეეხება სიუჟეტების განვითარების ადგილს, ტოპ არჩევანი ნიუ-იორკია, რომელიც 156 000-ზე მეტ AI სურათსა და ვიდეოში გვხვდება:

ხოლო პოპკულტურის კატეგორიაში პირველ ადგილს Star Wars იკავებს 160 000 გამოყენებით:

 

მიუხედავად ამ შედეგებისა, ისეთი ინსტრუმენტების გავრცელებასთან ერთად, როგორებიცაა Midjourney და DALL-E, საავტორო უფლებებისა და კომპენსაციის შესახებ კითხვები კვლავ აქტუალურია…

marketer.ge