საქართველოში, Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სერვისის ყოველთვიური ფასი კერძო პირებისთვის თვეში 160 ლარია, ინტერნეტის მიმღები მოწყობილობის შეძენა, გადასახადების ჩათვლით, 2 015 ლარი ღირს.

კომპანიებისთვის სხვა ტარიფი მოქმედებს. მიმღები მოწყობილობის შეძენა კომპანიებს, ჯამში, 8 821 ლარი დაუჯდებათ, ყოველთვიური გადასახადი კი 708 ლარიდან იწყება.

სტარლინკის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ახლა უკვე საქართველოშია ხელმისაწვდომი, ამის შესახებ Starlink-მა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. ტვიტი მალევე გააზიარა ილონ  მასკმა.

კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, SpaceX-ი საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტის მომსახურებას მიაწოდებს.

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ-სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ, ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი.