პენტაგონმა ისტორიაში პირველი კოსმოსური თავდაცვის სისტემის, "ოქროს გუმბათის" პირველი მასშტაბური გამოცდა 2028 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაგეგმა. ინფორმაციას CNN საკითხის მცოდნე ორ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც CNN-ს ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რაკეტების გამოცდები, როგორც წესი, დიდი ხნით ადრე იგეგმება, თუმცა, ამ შემთხვევაში გამოცდის თარიღი, რომელიც ამჟამად 2028 წლის მეოთხე კვარტალშია ჩანიშნული, "იმაზე მიანიშნებს, რომ მათ სურთ ჰქონდეთ გამარჯვება, რომლისკენაც თითს გაიშვერენ ნოემბერში [2028 წლის], თავდაცვის დეპარტამენტს სურს თავიდან აიცილოს ყველაფერი, რაც მათი აზრით, ამ პროცესს შეანელებს".

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წყაროს თქმით, გამოცდის სახელწოდება FTI-X იქნება, სადაც აბრევიატურა FTI ინტეგრირებული ფრენის ტესტს გულისხმობს, რაც იმისკენ მიანიშნებს, რომ "ოქროს გუმბათის" უამრავი სენსორი და იარაღის სისტემა ერთობლივად იმუშავებს ერთდროულად რამდენიმე ობიექტის მიზანში ამოსაღებად.

ამასთან, თავდაცვის წყაროს შეფასებით, 3-წლიანი გეგმა ამბიციურია მიუხედავად იმისა, რომ აშშ უკვე ათწლეულებია იკვლევს კოსმოსში რაკეტების განთავსების შესაძლებლობას, "ეს რთული და ტექნიკურად ძალიან სარისკოა, სატელიტების შესაძლო რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება წარმატების ალბათობის მისაღწევად, ძალიან მაღალი იქნება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი დრო და არეალია კონტინენტური აშშ-ს დასაფარად".

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისტორიაში პირველი კოსმოსური თავდაცვის სისტემის, "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყებას დააანონსა.

პრეზიდენტის თქმით, პროგრამა დაახლოებით სამ წელში დასრულდება, ხოლო მისი სრული ხარჯი $175 მილიარდს შეადგენს. ტრამპის თქმით, თავდაპირველად პროგრამის დასაწყებად $25 მილიარდი იქნება საჭირო, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია კონგრესში წარსადგენად.

ტრამპმა აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა მიმდინარე წლის 27 იანვარს დაავალა. ტრამპი აღნიშნავს, რომ ბირთვული თავდასხმებისგან ეფექტური თავდაცვის სისტემის შექმნის იდეა პირველად პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წამოწია 1983 წელს, თუმცა, იმ პერიოდში შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა.

tabula.ge