OpenAI-მ, რომლის მიმდინარე შეფასებაც დაახლოებით $500 მილიარდს შეადგენს, საჯაროდ დაადასტურა, რომ დამატებით $100 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ასეთი მასშტაბის დაფინანსებამ შესაძლოა კომპანიის შეფასება კოლოსალურ, $830 მილიარდამდე გაზარდოს. როგორც “The Wall Street Journal” იუწყება, ამ რეკორდული ინვესტიციის მინიმუმ $50 მილიარდის შეტანას ერთ-ერთი ტექგიგანტი Amazon განიხილავს.

პოტენციური გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებებს უშუალოდ Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი და OpenAI-ის CEO ხელმძღვანელობენ.

“The New York Times” წერს, რომ დამატებითი კაპიტალის მოზიდვის პროცესში OpenAI-სმ პარალელურად გამართა შეხვედრები Nvidia-სთან, Microsoft-თან და SoftBank-თან. მოსალოდნელია, რომ დაფინანსების შეთანხმება პირველი კვარტლის ბოლომდე დაიხურება.

Amazon-სა და OpenAI-ს შორის შესაძლო პარტნიორობა განსაკუთრებით საინტერესოა იმის ფონზეც, რომ Amazon-ს მჭიდრო ურთიერთობა აქვს OpenAI-ის კონკურენტ Anthropic-თან. Amazon-ის AWS არის Anthropic-ის მთავარი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისა და მოდელების ტრენინგის პროვაიდერი, ხოლო თავად Amazon-მა კომპანიაში უკვე მინიმუმ $8 მილიარდი ჩადო. გარდა ამისა, Amazon-მა ახლახან ინდიანაში გახსნა $11 მილიარდის ღირებულების მონაცემთა ცენტრების კამპუსი, რომელიც ექსკლუზიურად Anthropic-ის მოდელების მუშაობისთვისაა განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ OpenAI სწორედ ის სტარტაპია, რომელმაც ChatGPT, დღეისათვის ყოველდღიურ ასისტენტად ქცეული ჩატბოტი შექმნა და 2022 წელს საცდელ ვერსიად ჩაუშვა, რომელსაც შემდეგ მუდმივად აახლებს.

www.marketer.ge