მსოფლიოში პირველი სპეციალიზებული რობოტი-დამლაგებელი ესპანეთში უკვე ვალენსიის პლაჟებზე ასუფთავებს. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

რობოტი-დამლაგებელი ბატარეაზე მუშაობს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ადამიანურ ჩარევას არ საჭიროებს. ის მუხლუხოებით გადაადგილდება და ნიადაგს აფხვიერებს, რომ ყველანაირი ნარჩენი შეაგროვოს. ნარჩენები რობოტის უკანა ნაგავსაყრელში გროვდება.

რობოტ-დამლაგებელს პლაჟის 5 კვ.კმ ფართობის გაწმენდა ერთი დამუხტვით შეუძლია და კვადრატულ კილომეტრზე ნაგვის 330-მდე ერთეულს აგროვებს. ერთი დამუხტვით რობოტი შვიდი საათის განმავლობაში მუშაობს.

მისი სენსორები ადამიანებისა და წინაღობების ამოცნობაში არიან გაწვრთნილი, რომ რობოტმა მათ გვერდი აუაროს. ამასთან, თუ ვინმე შეეცდება, განზრახ ჩაერიოს რობოტის მუშაობაში, ის ავტომატურად დაიბლოკება.

ცნობისთვის: მალტის ქალაქებში რობოტები ქუჩებს, სანაპიროებსა და მოედნებს იანვრიდან ასუფთავებენ. დასუფთავების რობოტების მოქმედი ორი მოდელიდან პირველი ტერიტორიას გვის, მეორე კი რეცხავს. ისინი სამ-ოთხ დღეში ერთხელ მუშაობენ, მაშინ, როცა მანამდე მალტის ქალაქები სამ კვირაში ერთხელ სუფთავდებოდა. თუმცა რობოტები მხოლოდ ფართო და ბრტყელ სივრცეებს ასუფთავებენ, ხოლო ვიწრო ქუჩებისა და პლაჟების სისუფთავეზე ისევ ადამიანები ზრუნავენ.

ამასთან, 2023 წელს ნიდერლანდურ პროექტ SeaClear 2.0-ის ფარგლებში ხმელთაშუა ზღვაში გამწმენდი რობოტების გუნდი შეუშვეს. მათი დახმარებით წყალი არა მხოლოდ ზედაპირული, მაგალითად, პლასტმასის ბოთლებისგან, არამედ მსხვილგაბარიტიანი ნარჩენებისგანაც სუფთავდება, როგორიც საბურავები ან ფსკერზე დაყრილი ბეტონის ბლოკებია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი