„ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვერც ერთ ნაწარმოებს ვერ მიენიჭება საავტორო უფლება“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ადვოკატმა, ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, როცა მან AI-ს მიერ შექმნილ ნამუშევარს საავტორო უფლებები არ მიანიჭა, გამართლებული იყო ინტელექტუალური საკუთრების განმარტებიდან და სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ოლქის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ბერილ ჰაუელმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ, ადამიანის მონაწილეობის გარეშე, შექმნილი ხელოვნების ნიმუშები არ შეიძლება იყოს საავტორო უფლებებით დაცული. საავტორო უფლება შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ ადამიანის ნამუშევრებზე.

„კომერსანტი“ ადვოკატ ნიკოლოზ გოგილიძეს ამ კონკრეტულ მაგალითზე ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების შესახებ ესაუბრა.

აქვს თუ არა ხელოვნურ ინტელექტს იმის შანსი, რომ მოიპოვოს საავტორო უფლება?

ნიკოლოზ გოგილიძე, ადვოკატი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილ კონკრეტულ ტექნიკურ გადაწყვეტაზე საავტორო უფლების მიღებამდე, პატენტის მიღება მოითხოვეს და მაშინაც და ახლაც პრინციპი არის ასეთი: ინტელექტუალური საკუთრება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის შემოქმედება შეიძლება იყოს 2 რამის გამო. პირველი - რაც არ უნდა იყოს, ხელოვნური ინტელექტი მაინც ადამიანის დაწერილია და, ზოგადად, ის არის ინსტრუმენტი. ადამიანი ადრე კაწრავდა რაღაცას კედელზე ჯოხით და ჯოხი იყო ინსტრუმენტი, მერე განვითარდა ტექნოლოგიები, ზეთის საღებავებითა და ფუნჯით დაიწყო ადამიანმა ხატვა და ითვლება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით ისევ ის ქმნის ხელოვნების ნიმუშს. დღეს ასეთივე ინსტრუმენტად განიხილავენ ხელოვნურ ინტელექტს. კომპიუტერი რომ შეიქმნა, კომპიუტერის გამოთვლებმა ბევრად მეტი შეაძლებინა ადამიანს, მაგრამ ისევ „ადამიანს“ შეაძლებინა და არა „კომპიუტერს“. იგივე პრინციპით განიხილება ეს მიდგომა აშშ-ში, საქართველოშიც და ყველგან.

როგორ აფასებთ კოლუმბიის ოლქის ფედერალური სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც უარი თქვა ხელოვნური ინტელექტისთვის მიენიჭებინათ საავტორო უფლება?

ამ გადაწყვეტილების შემდეგ სხვა პრობლემა გაჩნდა. აქამდე სანამ ვინმე მოითხოვდა ხელოვნურ ინტელექტზე საავტორო უფლებას ითვლებოდა, რომ მე როცა სახლში რაღაცას ვქმნი - ნახატი იქნება ეს, თუ გამოგონება, ხელოვნური ინტელექტს ვიყენებ, კომპიუტერს, თუ სხვა ინსტრუმენტს, ჩემი ინტელექტუალური საკუთრებაა. მას შემდეგ რაც დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ეს ნამუშევარი ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის ჩარევის გარეშეა შექმნილი, მასზე ადამიანსაც კი მოუხსნა სასამართლომ საავტორო უფლება, იმ ადამიანს, ვინც ეს ხელოვნური ინტელექტი აამუშავა და დავალება მისცა. რის შემდეგაც ნამუშევრები დაცვის გარეშე დარჩა და ნებისმიერ პირს შეუძლია მისი გამოყენება უნებართვოდ.

ე.ი. მაშინ, როცა AI-ს შემქმნელი იტყვის, რომ ნამუშევარი მისი ჩარევის გარეშე AI-მ დამოუკიდებლად შექმნა, ეს ნამუშევარი არავისი არ არის?

დიახ. თუ ვიტყვი, რომ ამ ნამუშევრის შექმნისას ჩემი მონაწილეობა არ იყო, მეც დამემშვიდობებიან და მეტყვიან, რომ არც შენ გეკუთვნის უფლებები და არც არავის. თუ ვიტყვი, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენე, როგორც „ფუნჯი“ და ინსტრუმენტი, მაშინ შევძლებ მოვითხოვო მასზე საავტორო უფლება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

გარდა იმისა, რომ ინტელექტუალური საკუთრების განმარტებაა ის, რომ მე ადამიანმა, მოაზროვნემ, და არა ხელოვნურად მოაზროვნემ, უნდა შევქმნა რაღაც, რომ ის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტად ჩაითვალოს, სუფთა სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარეც იგივეა იმიტომ, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის საკუთრების ნაწილი. როგორც სახლია საკუთრება, ისეა ინტელექტუალური საკუთრება საკუთრება და ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც არანაირი უფლებები არ აქვს განკარგვის, ლიცენზიის გაცემის და შემოსავლის მიღების, ვერ წარმოგვიდგება როგორც საკუთრების სუბიექტი. ეს არის სამართლებრივი კუთხიდან. ფილოსოფიური კუთხიდან ინტელექტუალური საკუთრება ეს არის ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების ნაწილია. ეს კიდევ უფრო ამარტივებს ყველაფერს - ოდესღაც ფუნჯი გამოიგონა ადამიანმა, დღეს - ხელოვნური ინტელექტი შექმნა და დღეს ხელოვნური ინტელექტით უკეთ ხატავს. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ჩაითვალოს როგორც ინსტრუმენტი და მეტი არაფერი.

საქართველოს რეალობაში რა ხდება? როგორ რეგულირდება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნამუშევარი?

ჩვენ ძალიან შორს ვართ ამ ყველაფრისგან. არ დგას ჯერ ეგ პრობლემა, თუმცა ჩვენს კანონმდებლობას ზუსტად იგივე ჩანაწერი აქვს, რაც აშშ-ს კანონმდებლობას. ქვაკუთხედი უფლებების წარმოშობის არის ის, რაც კანონში წერია: ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების შედეგია ეს ყველაფერი.

ჩვენთანაც უნდა ვივარაუდოთ, რომ AI-ს შექმნილ ნებისმიერ პროდუქტს ვერ მიანიჭებენ საავტორო უფლებას?

კი არ უნდა ვივარაუდოთ, ცალსახად ასეა. კანონში პირდაპირ წერია, რომ ნაწარმოების ავტორი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი. ხელოვნური ინტელექტი ფიზიკური პირი არ არის, შესაბამისად, რაც არ უნდა გააკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა, ამ ჩანაწერით, ვერ მიიღებს უფლებებს.