„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამმა“ და „ფეისბუქმა“ აბორტის აბების პროვაიდერების სარეკლამო პოსტები დაფარეს, დაბლოკეს ან წაშალეს. გარდა ამისა, „ინსტაგრამმა“ ზოგიერთი ამ პროვაიდერის ანგარიშები შეაჩერა და ძიების შედეგებსა და რეკომენდაციებში ისინი მთლიანად დამალა.

მილიარდერ მარკ ცუკერბერგის კომპანია „მეტამ“, რომლის პლატფორმებსაც „ფეისბუკი“ და „ინსტაგრამი“ წარმოადგენენ, ანგარიშების შეჩერება და პოსტების წაშლა დაადასტურა. თუმცა, მას შემდეგ, რაც „ნიუ იორკ თაიმსმა“ ამ საკითხზე შეკითხვები დაუსვა, კომპანიამ ხუთშაბათს რამდენიმე ანგარიში აღადგინა.

„მეტას“ წარმომადგენელმა ამ პოსტებთან და ანგარიშებთან დაკავშირებული ზოგიერთი ბოლოდროინდელი ინციდენტი ახსნა წესებით, რომლის თანახმადაც, „მეტას“ პლატფორმებზე ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვა (სათანადო სერტიფიცირების გარეშე) იკრძალება.

შეერთებულ შტატებში აბორტის აბების ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერის, Aid Access-ის ცნობით, მის „ფეისბუკ“-ანგარიშზე ზოგიერთი პოსტი წაიშალა, „ინსტაგრამზე“ კი ნოემბრის პოსტები დაზიანდა (გაბუნდოვნდა). „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ამ ორგანიზაციას ნოემბრის შემდეგ არ აქვს წვდომა „ფეისბუკ“-ანგარიშზე, მისი „ინსტაგრამ“-ანგარიში კი გასულ კვირას შეჩერდა, მაგრამ შემდეგ აღდგა.

აბორტის აბების სხვა პროვაიდერების, მათ შორის Women Help Women-ისა და Just the Pill-ის „ინსტაგრამის“ ანგარიშები ბოლო დღეებში ასევე შეჩერდა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ისინი „მეტას“ წესებს არ შეესაბამება. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ხუთშაბათს ორივე პროვაიდერის ანგარიში აღდგა.

წყარო: 1არხი