საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში, ამბასადორის აკადემიაში, 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან შერჩეული 100 მოსწავლე მონაწილეობდა - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
„ბანაკის დასკვნით ღონისძიებას GITA - ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დაესწრო, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სერთიფიკატები გადასცა.
ბანაკის მონაწილეები, ერთი კვირის განმავლობაში, აქტიურად იყვნენ ჩართული სალექციო პროცესებში, გაეცნენ ხელოვნების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის ფუნდამენტურ პრინციპებს და მათ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვორქშოფების მსვლელობისას არაერთი სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაატარეს, შეისწავლეს თამაშების შექმნა, მარტივი რობოტების დაპროგრამება. ამას გარდა, ბანაკი მოიცავდა მათთვის ანტერპრენული აზროვნების განვითარებას, უკეთ გაეცნენ სტარტაპის მნიშვნელობას, ისაუბრეს ბიზნესის მოდელებზე, პროდუქტის პროტოტიპირებასა და Pitching-ის ტექნიკებზე. ასევე ბანაკი დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობით, რომელიც მონაწილეებს სოციალური უნარების განვითარებაში დაეხმარა.
პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეების ინოვაციური მეწარმეობის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა.
ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილი იყო სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.