Google-მა Chrome-ისთვის წარადგინა ახალი ფუნქცია – Auto Browse, რომელიც ხელოვნური ინტელექტის აგენტის სახით მუშაობს და მომხმარებლის ნაცვლად ასრულებს სხვადასხვა ონლაინდავალებას. ინსტრუმენტი დაფუძნებულია Google-ის უახლეს გენერაციულ მოდელზე Gemini 3-ზე და შეუძლია ისეთი ამოცანების შესრულება, როგორიცაა ავიაბილეთების დაჯავშნა, ბინის მოძიება ან ხარჯების დეკლარირება.

Auto Browse წარმოადგენს Google-ის სტრატეგიის ნაწილს, რომელიც Chrome-ში AI ფუნქციების აქტიურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. გასულ წელს კომპანიამ უკვე დანერგა Gemini in Chrome რეჟიმი, რომელიც ვებგვერდების შინაარსზე პასუხების გაცემასა და რამდენიმე გახსნილი ტაბიდან ინფორმაციის შეჯამებას უზრუნველყოფდა. Auto Browse ხელმისაწვდომია Gemini-ს გვერდითი პანელიდან (sidebar) და ამ ეტაპზე მხოლოდ აშშ-ში, Google-ის ფასიანი AI Pro და AI Ultra პაკეტების გამომწერებისთვისაა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ფუნქცია ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი მომხმარებლების ან სხვა ქვეყნებისათვის.

ახალი ფუნქცია შეესაბამება „სილიკონ ველის” ხედვას, რომლის მიხედვითაც ვებბრაუზინგის მომავალი უფრო მეტად ავტომატიზებული და AI-ზე დაფუძნებული იქნება. დღეს პრაქტიკულად ყველა მსხვილი ბრაუზერი გარკვეული დოზით უკვე შეიცავს ხელოვნურ ინტელექტს. გამონაკლისად ხშირად სახელდება Vivaldi, რომელიც მომხმარებლებს ბრაუზერს სთავაზობს AI-ს გარეშე. ჯერ.

Auto Browse-ის მუშაობის პრინციპი ასეთია: მომხმარებელი Gemini-ის გვერდით პანელში ტექსტურად აძლევს დავალებას, რის შემდეგაც AI აგენტი დამოუკიდებლად იწყებს ვებგვერდებზე ნავიგაციას. ის ხსნის გვერდებს, აკეთებს „ვირტუალურ კლიკებს“, ეძებს საჭირო ინფორმაციას და ცდილობს დავალების შესრულებას, მაგალითად: ადრე შეძენილი პროდუქტის თავიდან შეკვეთას ან ფასდაკლების კოდის მოძიებას. პროცესის განმავლობაში Chrome აფრთხილებს მომხმარებელს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ჩარევა და საბოლოო პასუხისმგებლობა მაინც მას ეკისრება.

ამ ეტაპზე Auto Browse სრულად ავტონომიური არ არის. ისეთი ქმედებები, როგორიცაა სოციალური ქსელებში პოსტების გამოქვეყნება ან საბანკო ბარათით გადახდა, მომხმარებლის დამატებით დადასტურებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევებში სისტემა აჩვენებს, რა ნაბიჯები გაიარა და მომხმარებელს ეკითხება, გააგრძელოს თუ არა პროცესი.

უსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ Google ცდილობს აგენტი მაქსიმალურად დაცული იყოს, Auto Browse და მსგავსი AI ინსტრუმენტები კვლავ მოწყვლადია შეტევების მიმართ. მავნე ვებგვერდებს AI შეცდომაში შეჰყავს და მას არასასურველი ქმედებების შესრულებას აიძულებს.

Google ხაზგასმით აცხადებს, რომ Auto Browse ვებბრაუზინგის გამოცდილების ტრანსფორმაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. კომპანიის პრაქტიკიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ფუნქცია ეტაპობრივად დაინერგება უფრო ფართო აუდიტორიისთვის და მომავალში Chrome-ის ყოველდღიური გამოყენების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

www.marketer.ge