საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები შიდა ქართლში გამოვლინდნენ - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„გამარჯვებული პროექტები:
- StarLive- სტარტაპის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვთა ფეხბურთის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია როგორც Live რეჟიმში, ასევე უზრუნველყოს თამაშის შემდგომ მოთამაშეების პერფორმანსისა და თამაშის სტატისტიკური ანალიზი. სტარტაპის მიზანია გახადოს თამაშები დისტანციურად ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის და ამასთანავე ახალგაზრდა მოთამაშეებს მიაწოდოს პერსონალიზირებული სტატისტიკა, ხოლო აკადემიებს მატჩის შემდგომი რეპორტები.
- Bionova - პროექტის მიზანია საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარება და ბიომასის ენერგიების მაქსიმალურად გამოყენება, ნარჩენების რაოდენობის შემცირება და ენერგო დეფიციტის აღმოფხვრა. ასევე ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ენერგიის ტრადიციული წყაროები ხელმისაწვდომი, ამ პრობლემების მოგვარება .
- ვიჟინერი - ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული, AR ტექნოლოგიით აღჭურვილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც შეცვლის ავეჯის ონლაინ ყიდვას უკეთესობისკენ.
- Apiel - პროექტის მიზანია ფუტკრის ჯანსაღი პროდუქტებისგან შეიქმნას სამკურნალო გამაჯანსაღებელი საშუალებები, რომლებსაც მომხმარებელი მიიღებს მარტივი ფორმებით.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან გამოვლინდა 41 გამარჯვებული პროექტი. 2024 წელს კი აღნიშნული პროგრამა განხორციელდა საქართველოს 6 რეგიონში და გამოვლინდა 24 გამარჯვებული. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.
მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 9 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.