ფინეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი აღარ ფუნქციონირებს. ფინური სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანია Cinia, რომელიც კაბელს მართავს, აცხადებს, რომ ის, შესაძლოა, „გარე ძალამ“ დააზიანა. „ასოშეიტედ პრესის“ ცნობით, ინციდენტის გამო ორივე ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა.

1200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელი C-Lion1 ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკს გერმანიის პორტ როსტოკთან აკავშირებს. ფინეთის ეროვნული საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანიის (YLE) ცნობით, C-Lion1 ერთადერთი პირდაპირი კაბელია ფინეთსა და ცენტრალურ ევროპას შორის. ის შვედეთის კუნძულ ოლანდის მახლობლად დაზიანდა. წყალქვეშა კაბელის შეკეთებას, როგორც წესი, ხუთიდან თხუთმეტ დღემდე სჭირდება.

„უეცარი გამორთვა იმაზე მიუთითებს, რომ კაბელი გარე ძალამ მთლიანად გაწყვიტა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე Cinia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, არი-იუსი კნააპილამ. თუმცა, მისი თქმით, ფიზიკური შემოწმება ჯერ არ ჩატარებულა და მომხდარის გამოსაძიებლად, Cinia ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

შესაძლოა, ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია

გერმანიამ და ფინეთმა მომხდარის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატეს. ერთობლივ განცხადებაში ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ კაბელი იმ დროს დაზიანდა, როდესაც „ევროპულ უსაფრთხოებას საფრთხე არა მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გამო, არამედ თაღლითური სახელმწიფოების მიერ გაჩაღებული ჰიბრიდული ომითაც ემუქრება“.

ბოლო წლებში, ბალტიის ზღვაში რამდენიმე წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელი და გაზსადენი სერიოზულად დაზიანდა. ფინეთის პოლიციამ, რომელიც 2023 წელს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებას იძიებს, მთავარ ეჭვმიტანილად ჩინური სატვირთო გემი დაასახელა. თუმცა, პოლიციას არ დაუზუსტებია, დაზიანება შემთხვევით მოხდა თუ წინასწარ განზრახვით.

2022 წელს აფეთქებებმა დააზიანა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“, რომელიც რუსეთსა და გერმანიას აკავშირებს. რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს დივერსიაში ადანაშაულებენ. მასში რაიმე სახით მონაწილეობას ყველა უარყოფს, პასუხისმგებლობა კი თავის თავზე არავის აუღია.

წყარო: 1 არხი