ბიტკოინის კურსმა ისტორიული რეკორდი განაახლა. კრიპტოვალუტის ზრდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. დღეს ბიტკოინმა 80 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა, რაც იმას ნიშნავს რომ ერთ კვირაში 15,97%-ით მოიმატა.
Binance კრიპტობირჟის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 80 ათას დოლარს და მაშინვე მიაღწია რეკორდულ 80,071.17 დოლარს, თუმცა, ნახტომის შემდეგ, კრიპტოვალუტის ღირებულებამ კლება დაიწყო.
დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3,93%-ით გაიზარდა. გასული კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტამ 15,97% მოიმატა.
ბიტკოინის ფასმა მატება დაიწყო 5 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. იმ დროს ბიტკოინის ფასი 68 ათასი დოლარი იყო.
TradingView-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტების მთლიანი კაპიტალიზაცია გასული დღის განმავლობაში 3,76%-ით გაიზარდა და 2,681 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
ბიტკოინის ბაზრის წილი 10 ნოემბრის მდგომარეობით 56,236%-ს შეადგენს.