ცოტა ხნის წინ ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულება $73,000-მდე გაიზარდა და მიმდინარე წლის გაზაფხულის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. მოცემული დროისთვის, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.4 ტრილიონს შეადგენს, ფასი კი ოდნავ არის შემცირებული და $72,290-ს უტოლდება. ბოლოს $73,000-იანი ნიშნული ბიტკოინმა 14 მარტს გადაკვეთა.
უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება მხოლოდ ოქტომბერში 13%-ით გაიზარდა. შედარებისათვის, S&P 500-ის ღირებულება მიმდინარე თვეს მხოლოდ 1%-ითაა გაზრდილი.
ჩვეულად, ბიტკოინის ზრდის ტენდენცია სხვა კრიპტოვალუტებზეც აისახა. მეორე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ფასი 4%-ით გაიზარდა და $2,637 შეადგინა. 2-2%-ით გაიზარდა Binance-ის კრიპტოვალუტა და Solana.
კრიპტოანალიტიკოსების მოსაზრებით, ბოლო პერიოდში ბიტკოინის ფასის მკვეთრი ზრდა აშშ-ის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა განაპირობა. ბიტკოინის ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ბოლო დროს გამოკითხვებში დონალდ ტრამპის დაწინაურებაც გახლავთ, რომელიც პრო-ბიტკოინ პოლიტიკოსად პოზიციონირებს და ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. გარდა ამისა, კრიპტოანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ზრდის მიზეზად ოქროს ფასის მატებასა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთის შემცირებასაც ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის ფასის ყველა დროის მაქსიმუმი $73,750-ს შეადგენს.
წყარო: forbs georgia