ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე) განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომლის დროსაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, უკრაინის ატომური ელექტროსადგურების სიმძლავრე საგრძნობლად შემცირდა.
ამის შესახებ განცხადება მაგატე-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ გააკეთა.
მისი თქმით, ეს ბირთვულ უსაფრთხოებაზე დამატებით ზეწოლას ახდენს.
„მართალია, ატომური ელექტროსადგურები - ხმელნიცკაია, რივნე და სამხრეთ უკრაინა - უშუალოდ არ დაზიანებულა და მუშაობა არ შეუწყვეტიათ, მაგრამ დაბომბვის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ელექტროქვესადგური, რომლებზეც ისინი არიან დამოკიდებულნი. შექმნილი საფრთხის გამო, ამ ოთხი ქვესადგურიდან გამოირთო მთავარი ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად, ქვეყნის ცხრა მოქმედი რეაქტორიდან ელექტროენერგიას, სრული სიმძლავრით, მხოლოდ ორი გამოიმუშავებს“, - აცხადებს გროსი.
მაგატე-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კიდევ ექვსმა რეაქტორმა ელექტროენერგიის გამომუშავება მაქსიმალური სიმძლავრის 40-90%-მდე შეამცირა.
„ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უკიდურესად დაუცველია, რაც პირდაპირ აისახება ბირთვულ უსაფრთხოებაზე. ზარალის სრული ოდენობა ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული“, - ამბობს გროსი.
მან ხაზი გაუსვა სამხედრო კონფლიქტის დროს ბირთვული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დაცვის მნიშვნელობას, რომლის თანახმად, „ყველა ბირთვულ ობიექტს ქსელის გარეთ საიმედო ელექტრომომარაგება უნდა ჰქონდეს“.
17 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მასირებული დაბომბვის დროს, უკრაინის სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 144 საჰაერო სამიზნე - 102 რაკეტა და 42 უპილოტო საფრენი აპარატი. სამხედრო-საჰაერო თავდაცვამ უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში იმუშავა.
წყარო: 1 არხი