ტექსტილის გადამმუშავებელმა ამერიკულმა კომპანია Circ-მა საფრანგეთის მთავრობისა და ევროკავშირისგან მიიღო თანხმობა, $500 მილიონად ააშენოს პირველი საწარმო საფრანგეთში, რომელიც ბამბას და პოლიესტერს ინდუსტრიულ დონეზე გადაამუშავებს.
Reuters-ის ცნობით, ახალი საწარმო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აშენდება და წლიურად 70 000 ტონა ქსოვილის გადამუშავება შეეძლება. საწარმო ოპერირებას 2028 წლიდან დაიწყებს და 200 ადამიანს დაასაქმებს.
$500-მილიონიანი პროექტი როგორც კერძო კაპიტალის, ასევე სესხების საშუალებით დაფინანსდება. Circ-ი გეგმავს საწარმომ სახელმწიფო გრანტები და გარანტიებიც მოიპოვოს. კომპანიის მენეჯმენტი აპირებს განაცხადი გააკეთოს “სტრატეგიუ ლი პროექტების გარანტიაც”, რაც ფრანგული ეკონომიკისა და ეროვნული ინტერესებისთვის აუცილებელი პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ნარჩენების გადამუშავებით ცირკულარული ეკონომიკის შექმნა ევროკავშირის ნულოვანი ემისიის მიზნის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბლოკის წევრი სახელმწიფოების ძალისხმევა ამ მხრივ ჯერ არათანმიმდევრულია, თუმცა, Circ-ის აღმასრულებელი დირექტორი ამტკიცებს, რომ ახალი საწარმო ინდუსტრიისთვის გარდამტეხი იქნება.
მისი მტკიცებით, დღეს წარმოებული ტანისამოსის ძირითადი ნაწილი პოლიესტერის და ბამბის შემცველია, რაც მათ გადამუშავებას მნიშვნელოვნად ართულებს. ახალი ქარხანა კი უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი და მიღწევაა როგორც მოდის ინდუსტრიისთვის, ასევე კლიმატისთვის.
შეგახსენებთ, გაეროს ინფორმაციით, გლობალური ემისიების 10%-ზე სწორედ მოდის ინდუსტრიაა პასუხისმგებელი - ის უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ავიაციისა და გადაზიდვის ინდუსტრიები ჯამურად. ამასთან, სწორედ მოდის ინდუსტრიაა წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელიც და დამაბინძურებელიც. სწორედ ამიტომ, კომპანიები ცდილობენ შექმნან ტექნოლოგიები, რომლებიც მილიონობით ტონა პოლიესტერისა და კოტონის გადამუშავების საშუალებას გააჩენენ.