ეროვნული კონკურსი „WorldSkills საქართველო 2023-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 2023 წლის კონკურსი კულინარიის, კონდიტერიისა და ვებტექნოლოგიების მიმართულებებს მოიცავდა და მასში მონაწილეობდნენ 21 წლამდე ახალგაზრდები – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და კომპანიებში დასაქმებული და თვითდასაქმებული პირები.

კულინარიაში გამარჯვებულები გახდნენ:

I - ნინო შარუხია  II - ლაშა წოწონავა, III - ლუკა აბაშიძე

კონდიტერიაში კონკურსში გამარჯვებულები არიან:

I - თამთა დევაძე, II - დემეტრე ნადირაძე, III - ნინო სხვიტარიძე

ვებტექნოლოგიებში 2023 წლის ეროვნულ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გახდნენ:

I - საბა ავლოხაშვილი,  II - ნინო კოკილაშვილი, III - ირაკლი თათარაშვილი

ეროვნული კონკურსი „WorldSkills საქართველო 2023“ პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს კონკურსში გამარჯვებულები წარდგენილნი იქნებიან WorldSkills-ის რიგით 47-ე საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც 2024 წელის 10-15 სექტემბერს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაიმართება.

WorldSkills-ის პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსი 85 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია განსაკუთრებული უნარების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების აღიარება. კონკურსი ასევე ხაზს უსვამს ახალგაზრდების უნარების განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და პიროვნული წარმატების კუთხით.

WorldSkills-ის კონკურსს საფუძველი 1946 წელს ჩაეყარა. პროფესიულ უნარებში საერთაშორისო შეჯიბრება ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, რომელიმე წევრ ქვეყანაში. საქართველო WorldSkills-ს შეუერთდა 2012 წლიდან. საქართველოს გუნდმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებაში. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა სფეროს წარმომადგენლებისათვის უნიკალური საშუალებაა, გაეცნონ უახლეს მიღწევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებებს, კვალიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტებს და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ამავდროულად, დაამყარონ კავშირები სხვადასხვა ქვეყნის სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.

WorldSkills International-ის მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. WorldSkills International-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც ასევე WorldSkills International-ის ასოცირებული წევრი გახლავთ.