პროფესიული უნარების სააგენტო წელს WorldSkills - ის უნარების კონკურსს  საქართველოში ეროვნულ დონეზე ჩაატარებს. WorldSkills - ის უნარების კონკურსის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში, თაი სიბოშვილის გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ WorldSkills საქართველოს ოფიციალური დელეგატმა ნიკოლოზ მესხიშვილმა ისაუბრა.  მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაცია WorldSkills International-ის წევრია. თავად WorldSkills International-ის მისია კი მსოფლიოში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარების, პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.

ნიკოლოზ მესხიშვილის თქმით, ყოველწლიური კონკურსების გარდა WorldSkills International მისი წევრ ქვეყნებს, რომელთა რიცხვი დაახლოებით 85-ია, სისტემატურად უზიარებს განათლების პოლიტიკაში არსებულ სიახლეებს და ინფორმაციას. საქართველო ამ ორგანიზაციას 2012 წლიდან შეუერთდა. პროფესიული უნარების სააგენტო  ასოცირებული წევრია ორგანიზაციის და 2021 წლიდან დაიწყო აქტიური თანამშრომლობა და 2022 წელს უკვე ეროვნული კონკურსის ჩატარების უფლება მიენიჭა.

WorldSkills International-ის ფარგლებში კონკურსი დაახლოებით 60-მდე პროფესიაში ტარდება, რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ დონეზე კონკურსი წინასწარ შერჩეულ სამ პროფესიაში გაიმართება: კულინარია, კონდიტერია და ვებ-ტექნოლოგიები.

ეროვნულ დონეზე კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საკონკურსოდ განსაზღვრული პროფესიების შესაბამისი უნარების მქონე პირებს, რომელთა ასაკი 2024 წლის მდგომარეობით არ აღემატება 22 წელს.

კერძოდ,

პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს

პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს

დასაქმებულებს/თვითდასაქმებულებს

„საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა შექმნან კომისია და კომისიის საფუძველზე შეარჩიონ წარსადგენი პირი.

WorldSkills - ის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს წარადგენს დაწესებულება.

პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის მსმენელს, ან კურსდამთავრებულს წარადგენს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირი.

დასაქმებულს წარადგენს დამსაქმებელი .

თვითდასაქმებული კონკურსში საკუთარ თავს წარადგენს, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა წარმოადგინონ პორტფოლიო.

აპლიკანტების რეგისტრაციის ბოლო დღე თავდაპირველად 22 ოქტომბრამდე იყო, თუმცა რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა 26 ოქტომბრამდე.“- განაცხადა ნიკოლოზ მესხიშვილმა. მისი თქმით, სავალდებულო არაა, თუმცა წახალისებულია თუ კონკურსანტი ფლობს ინგლისურ ენას.

ნიკოლოზ მესხიშვილის თქმით, დარგის ექსპერტების და ჟიურის წევრების შერჩევა პარალელურად მიმდინარეობს,

„პრევენციისთვის მათი შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ ისინი არ უნდა იყვნენ აფილირებული შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მიზნობრივ ჯგუფებთან. ჟიურის წევრობის მსურველს უნდა ჰქონდეს კვალიფიკაცია შესაბამისი მიმართულებით ან 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება. კარგი იქნება თუ მათ ექნებათ მსგავსი ტიპის ადგილობრივ, თუ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება. ჟიურისა შემთხვევაშიც უცხო ენის ცოდნა სასურველია, რათა ის გაეცნოს საერთაშორისო კონკურსის სტანდარტებსა თუ გასული წლების გამოცდილებებს,“- აღნიშნა ნიკოლოზ მესხიშვილმა.

WorldSkills - ის უნარების ეროვნული კონკურსი რამდენიმე ადგილზე ჩატარდება მიმართულებების მიხედვით, კერძოდ კულინარიის კონკურსი ჩატარდება კოლეჯ „იკაროსში“, ხოლო ვებ-ტექნოლოგიების მიმართულების კონკურსი ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში. კონკრეტულ თარიღებს და მისამართებს WorldSkills-ი შესაბამის პლატფორმაზე განათავსებს.

ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა მაქსიმუმ 20 მონაწილე კულინარიის, მაქსიმუმ - 10 მონაწილე კონდიტერიისა და მაქსიმუმ 14 მონაწილე  ვებ-ტექნოლოგიების მიმართულებით. I-II-III ადგილებზე გასულ პირებს შესაბამისი სიგელები და მედლები გადაეცემათ,

ნიკოლოზ მესხიშვილი კერძო სექტორს აქტიურობისკენ მოუწოდებს, რათა კონკურსთან თანამშრომლობით მოახდინონ, როგორც საკუთარი კომპანიების პოპულარიზაცია, ასევე იმის ჩვენება, რამდენად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, იცავენ საერთაშორისო სტანდარტებს და ასაქმებენ სტუდენტებს. ამასთან ნიკოლოზ მესხიშვილი კომპანიებს სპონსორობას და გამარჯვებული კონკურსანტებისთვის პრიზების გამოყოფასაც სთავაზობს.

გამარჯვებული, I ადგილზე გასული კანდიდატები WorldSkills რიგით 47-ე საერთაშორისო კონკურსზე წარდგებიან, რომელიც 2024 წელის 10-15 სექტემბერს საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართება.