გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი - თაი სიბოშვილთან ერთად“  საუბარში WorldSkills-ის საქართველოს ოფიციალურმა დელეგატმა ნიკოლოზ მესხიშვილმა WorldSkills Lyon 2024 შეაფასა.

მისი თქმით, ღონისძიების მთავარი მიზანი საჯარო-კერძო პარტნიორობის დამყარება და  კერძო სექტორის გააქტიურება იმ მხრივ, რომ მათ შრომის ბაზრის მოთხოვნებს ფეხი აუწყონ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება. WorldSkills  International არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული უნარების პოპულარიზაციას. სასიხარულოა, რომ ეროვნულ დონეზე ამ ორგანიზაციას საქართველოს უნარების განვითარების სააგენტო წარმოადგენს.

WorldSkills  International-ის მიერ განსაზღვრული სტანდარტები შეეხება დაახლოებით 59 პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით  უნარების კონკურსის ჩატარებას, საჯარო-კერძო პარტნიორობის დამყარებას, კერძო სექტორის გააქტიურებას იმ კუთხით, რომ დაინახოს საერთაშორისო დონეზე შრომის ბაზრის მოთხოვნები რა ეტაპზეა, რადგან ამის საფუძველზე დგება სტანდარტები და კონკრეტული საკონკურსო დავალებები.

ეს იმდენად გლობალური და მასშტაბური ღონისძიებაა, რომ ეროვნულ დონეზეც აკავშირებს სტუდენტებს ერთ სექტორში, შესაბამისად, ეს კავშირები გადაიზრდება საერთაშორისო მასშტაბურ ღონისძიებებში, რომლებიც იმართება კონკრეტულ ქვეყანაში.

ძალიან დიდი ხნით ადრეა ის ქვეყანა შერჩეული, სადაც ასეთი ტიპის კონკურსი უნდა ჩატარდეს. წელს  WorldSkills  International საფრანგეთში ჩატარდა. ქალაქ ლიონში იყო გახსნა-დახურვის ცერემონია.

ჩვენ უკვე 2028 წლის ღონისძიებაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რა ტიპის უნარებით შეგვიძლია წარვდგეთ იქ, თითქოს შორია ეს პერიოდი, მაგრამ როცა შეხვედრებში გვიწევს მონაწილეობა, იმდენად ბევრი დეტალია, ვფიქრობ, ყველაფრის ორგანიზებას საკმაო დრო დასჭირდება.

ეს არ არის მხოლოდ უნარების კონკურსი, რომელიც შეიძლება ვიზუალურად ასე ჩანდეს.

ეს არის ექსპერტების ურთიერთკავშირი იმ მომავალ პროფესიებზე სამსჯელოდ, რომელზედაც გლობალური სამყარო დგას და შესაბამისად, შეირჩევა ისეთი სერვისები და კონკურსები, რომლებიც ხვალ უკვე მოთხოვნადია“,- თქვა ნიკოლოზ მესხიშვილმა.

ქრისტინა კვაჭანტირაძე