„დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე ზაფხულის სეზონზე მგზავრთნაკადის და შემოსავლების 10-12%-ით გაზრდას ვარაუდობს.

„ზაფხულის პერიოდის მოახლოებასთან ერთად მგზავრთნაკადი იზრდება. იმ სამი თვის განმავლობაში წლის მანძილზე ყველაზე დიდი მგზავრთნაკადია და შესაბამისად შემოსავლებიც იზრდება, შემდეგ კი ნელ-ნელა კლებას იწყებს. 

ამ ეტაპზე რა ვითარებაცაა, ვფიქრობთ რომ ზაფხულში წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი და შემოსავლები 10-12%-ით გაიზრდება“, - ამბობს ნესტორ მიქატაძე.

ავტოსადგურის ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ გაზრდილი მგზავრთნაკადების მომსახურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დიდუბის ავტოსადგურს“ ბევრად მეტი მგზავრის მიღება და მომსახურება შეუძლია, თუმცა ამის საშუალებას ე.წ. „ხიშნიკები“ არ აძლევენ. 

თუ კი ბაზარი დარეგულირდება და არაკანონიერი მგზავრთგადაყვანები შეიზღუდება, მაშინ ლიცენზირებულ ავტოსადგურებს მგზავრების რაოდენობა გაეზრდებათ. გაზრდილი მგზავრთნაკადები კი არასოდეს გვაშინებდა და არც ახლა შეიქმნება რაიმე პრობლემა. ავტოსადგურში მომავალ მგზავრს ე.წ. „ხიშნიკები“ გვართმევენ და თითქმის ნახევარი მგზავრი მათ მიჰყავთ.

სწორედ ამას ვითხოვთ, რომ ყველა ერთი კონტროლის ქვეშ მოექცეს და თუ საჭირო იქნება, დავამატებთ მძღოლებსაც და ტრანსპორტსაც, ასე რომ გაზრდილი მგზავრთნაკადი არ გვაშინებს. გარდა ამისა თუ ახლა მაგალითად ქუთაისში საათში ერთხელ ვუშვებ ტრანსპორტს, ბევრი მგზავრის შემთხვევაში უფრო ხშირ-ხშირად მოხდება სამარშრუტოების გასვლა და მგზავრიც კმაყოფილი იქნება და მძღოლებსაც გაეზრდებათ შემოსავალი“, - აღნიშნა ნესტორ მიქატაძემ.

ფასებზე საუბრისას „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ტარიფის ცვლილება არ იგეგმება, თუმცა თუ ე.წ „ხიშნიკების“ პრობლემა მოგვარდება და მგზავრთნაკადი გაიზრდება, შესაძლოა, ფასების შემცირებაც კი მოხდეს.

დღეისათვის „დიდუბის ავტოსადგური“ დღეში 280-320 სატრანსპორტო საშუალებას ემსახურება.