სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლოვანის ნაკრძალში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე,სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

„გამოძიების დაწყების საფუძველი 2023 წლის 29 მაისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 28 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა“, - ნათქვამია განცხადებაში.