უძრავი ქონების გაქირავების კუთხით ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია. მართალია, ის არ გაიაფებულა, მაგრამ ბროკერებისთვის რთული გახდა ბინის გაქირავება. ამ სეგმენტში დიდი ვარდნაა. განსაკუთრებით უჭირთ პრემიუმ კლასის ბინების მფლობელებს, ხოლო, რაც შეეხება ბიუჯეტურ ბინებს, მასზე მოთხოვნა მუდამ მაღალია. ამ კუთხით ბაზარზე დეფიციტია და მოთხოვნის დაკმაყოფილება ძნელია.
როგორც წესი, მარტიდან მოყოლებული ბაზარი აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა ამ დღესდღეობით, როგორც სფეროს სპეციალისტები ამბობენ, მდგომარეობა არასახარბიელოა. რაც შეეხება საიჯარო ფასს, ის დასტაბილურებულია და ვარდნის პერიოდი შეჩერებულია.
,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას საბროკერო კომპანია ,,კიბეს" წარმომადგენელმა ნელი გოგუაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაქირავების მიმართულება სტაგნაციას განიცდის. გაზაფხულმა ის აქტივობა ჯერჯერობით ვერ მოიტანა, რისი მოლოდინიც ჰქონდათ. ამას თან ერთვის რთული მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს.
,,მართალია, უკვე გაზაფხულია და დაინტერესება მაღალი უნდა იყოს, მაგრამ ის აქტივობა ნამდვილად არ გვაქვს, რა მოლოდინიც წინასწარ იყო. მოგეხსენებათ, დედაქალაქში ქირაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, მაგრამ ყველაზე მეტად გვიკავშირდებიან მომხმარებლები, რომლებიც ე.წ. ,,ბიუჯეტური" ბინებით არიან დაინტერესებული. ასეთი ქირა კი ყოველთვის ცოტაა. ფაქტობრივად, თუკი სადმე გამოჩნდება ბინა დაბალ ფასში, მალევე ქირავდება. ეს ზოგად მდგომარეობაზე არ აისახება, რადგან ბაზარი ძირითადად გაჯერებულია მაღალი დონის, ბინებით, სადაც დამქირავებლისთვის ყველანაირი კომფორტი არსებობს. სამწუხაროდ, ასეთი ბინის დაქირავება მეპატრონეებს დაბალ ფასად არ უღირთ. ამიტომაც, ვერ ქირავდებდა და ამ კატეგორიის ბინები ბევრია, მომხმარებელი კი - ცოტა.
საქართველოს მოქალაქე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შეღავათი გაეწიოს, დაბალ ფასად დაიქირაოს და ფართის მდგომარეობას, ხშირ შემთხვევაში, უკანა პლანზე აყენებს. ცხადია, მათ სჭირდებათ დაქირავება, მაგრამ უჭირთ მაღალი ფასის გადახდა. ფაქტია, ეკონომიკური პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, პირველ რიგში, აქ ვლინდება. ყველას უნდა კომფორტი, კარგ მოწყობილ ბინაში ცხოვრება, მაგრამ ფინანსურად ვერ უმკლავდებიან. გაზაფხულია, ვფიქრობდი, ბაზარი უფრო გააქტიურდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ იგივე სურათი გვაქვს. მიწოდება ჭარბია, მოთხოვნა - ნაკლები. ასეთ დროს ფასები ზოგადად იკლებს ხოლმე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ასე არაა. მიმდინარე წლის დასაწყისში ცვლილება თითქმის არ ყოფილა და არც მომავალში ვფიქრობ, რომ დაქირვება გაიაფდეს. თუ მოთხოვნა კიდევ შემცირდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ფასები კლებისკენ წავიდეს.
პრობლემებია გაყიდვის მხრივაც და რთული ვითარებაა დაგირავების კუთხითაც. გირა საკმაოდ ძვირია, მომხმარებელი კი - ცოტა. ამიტომაა დღეს დაგირავებაც თავისებურ სირთულეს წარმოადგენს. მოკლედ, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ პრობლემა ყველა მიმართულებით არის. უძრავი ქონების სფეროში ვითარება კვლავ რთულია. გვიძნელდება ბროკერებს მუშაობა. თუ ეკონომიკური ვითარება არ გაუმჯობესდა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მუშაობა ძალიან გაგვიჭირდება", - განაცხადა ნელი გოგუაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" და დასძინა, რომ დამქირავებლები თავშეკავებულები არიან. არასტაბილური მდგომარეობა აფრთხობთ და მოლოდინის რეჟიმში არიან.
ვრცლად: www.resonancedaily.com