იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში, მიმდინარე წელს, პირველი ოთხი თვის მონაცემებით, „წითელას“ 142 შემთხვევა არის დაფიქსირებული. როგორც ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, შემთხვევების განსაკუთრებული მატება სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში ფიქსირდება.
„საქართველოში მატების დინამიკა არის, თუმცა არა ისეთი მკვეთრი, როგორც სხვა ქვეყნებში. 2022 წელს „წითელას“ 12 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 2023 წელს 26 და 2024 წელს 337. 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში „წითელას“ 142 შემთხვევა არის ქვეყანაში. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „წითელას“ შემთხვევების მატება აღინიშნება და ასევე, ფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევებიც.
თუ საქართველოს რეგიონებს გადავხედავთ, მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. შემთხვევების განსაკუთრებული მატება სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში ფიქსირდება. გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა 2022 წელს, ისიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან“,- განაცხადა ჩხაიძემ. მისი განმარტებით, ბავშვი, რომელიც მაშინ „წითელათი“ გარდაიცვალა, აცრილი არ იყო და არც რაიმე თანმდევი სერიოზული პათოლოგიური დაავადება ჰქონდა“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე „წითელას“ შემთხვევათა რაოდენობის ზრდას ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს. მისი თქმით, 95%-ზე მეტი უნდა იყოს „წითელას“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ ჩაითვალოს. ივანე ჩხაიძის განმარტებით, დღეს საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი 81%-ია.
„ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ყველა გამოტოვებული ვაქცინა არის არა მხოლოდ ბავშვისთვის რისკის შემცველი, არამედ ამ ოჯახში მყოფი ასაკოვანი ადამიანებისთვისაც, განსაკუთრებით ორსულებისთვის. ორსულებისთვის „წითელა“ განეკუთვნება ერთ-ერთი სერიოზული გართულების მქონე ინფექციების კატეგორიას. ორსულთა ვაქცინაცია არ კეთდება უშუალოდ „წითელას“ ვაქცინის ბუნებიდან გამომდინარე. ასე, რომ თუ სახლში ორსულია, მისი დაცვა შესაძლებელია ირიბად. თუ სახლში არის ბავშვი, ის აუცილებლად უნდა იყოს ვაქცინირებული“,-განაცხადა ჩხაიძემ.
მან იმ გართულებებზე ისაუბრა, რაც „წითელას“ ახლავს თან.
„წითელა“ არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადება, რომელსაც ლეტალური შემთხვევები შეიძლება ახდეს, ასევე ენცეფალიტი, გულის დაზიანება, ფილტვების ანთება. ყველაზე სერიოზული გართულება არის თავის ტვინის დაზიანების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც „წითელას“ ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს. სამწუხაროდ, როცა ეს გართულება ვითარდება, ბავშვის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად, არ არსებობს. „წითელა“ ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც მნიშვნელოვანი გართულებებით ხასიათდება. „წითელა“ ოჯახის წევრებისთვისაც რისკს წარმოადგენს. ამიტომ, საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რაც შეიძლება ახლა ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით ჩვენს მოსახლეობას ვურჩიოთ“,- განაცხადა ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, არ არის აუცილებელი ზუსტად იმ ვადებში დაცვა, რა დროსაც ვაქცინა უნდა გაკეთდეს. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ვაქცინის ორი დოზა კეთდება, პირველი, 1 წლის ასაკში და მეორე- 5 წლის ასაკში. „თუ თქვენ 6 წლის შვილი გყავთ და გამოტოვებული გაქვთ 5 წლის ასაკში ვაქცინა, აუცილებლად მიმართეთ და გაიკეთეთ. გამოტოვებული ვაქცინა არ ნიშნავს ამ ვაქცინაზე უარის თქმას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გარკვეული პერიოდი გააცდინეთ და ახლა უნდა დაეწიოთ ამ ეროვნულ კალენდარს“,- განაცხადა ჩხაიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „წითელას“ ვაქცინასთან ერთად, ასე კეთდება „წითურას“ და „ყბაყურას“ ვაქცინაც.
ივანე ჩხაიძემ საქართველოში „წითელას“ შემთხვევების მატებას „აფეთქება“ უწოდა.
„წინა წელთან შედარებით, მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კუთხით, ნამდვილად „აფეთქებაა“ „წითელას“ შემთხვევების მატების თვალსაზრისთ. ამ ბავშვების მართვა ხორციელდება ინფექციური პათოლოგიის ცენტრში იმიტომ, რომ „წითელა“ წარმოადგენს გადამდებ დაავადებათა შორის ნომერ პირველ დაავადებას. ერთი ბავშვი, რომელიც „წითელათი“ არის ავად, შესაძლოა 16-დან 18 ბავშვს აინფიცირებდეს. გადადების რისკი არის ძალიან მაღალი. ყველაზე გადამდები დაავადება, რაც ბავშვებში არის, ახლა არის „წითელა“, - განაცხადა ჩხაიძემ.