კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ პირველი საჯარო კონსულტაცია თელავში გაიმართა. კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებს და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს.
„კლიმატის ცვლილების სფეროში გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ, დღეისთვის, ქვეყანაში არ არსებობს კლიმატის ცვლილების სფეროს სამართლებრივი რეგულირების ბაზა. რეგულაციები ფრაგმენტულია და ასახულია სხვადასხვა დარგობრივ კანონსა თუ კანონქვემდებარე აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავება და მიღება, რაც ჩამოაყალიბებს ამ სფეროს საერთო სამართლებრივ ჩარჩოს, რაც ხელს შეუწყობს ნათლად განისაზღვროს მოთხოვნები ქვეყნის მიერ აღებული სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე სწორედ არის გააზრებული იმ ძალისხმევის მნიშვნელობა, რომელიც აუცილებელია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას კლიმატის ცვლილების შედეგების გათვალისწინებით.
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა. „მწვანე წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების დაწყებაა.
საჯარო კონსულტაციები გაიმართება თბილისსა და ქუთაისში. კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მოსაზრებების შემდეგ, შემუშავდება კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“, რომელშიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის ძირითადი პრინციპები აისახება.