ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან კოლაბორაციით, სვანეთმა Freeride World Tour-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო დონის საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლა.

„საერთაშორისო პლატფორმის Freeride World Tour-ის კვირეული, ფანტასტიკურ შესაძლებლობაა სვანეთისთვის, რომ ადგილი დაიმკვიდროს სამთო-სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის მსოფლიო რუკაზე. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ხელს ვუწყობთ სამთო ტურიზმის განვითარებას და აღნიშნული საერთაშორისო შეჯიბრების მხარდაჭერით, სვანეთს საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევა, რომ წარმოაჩინოს რეგიონის ტურისტული პოტენციალი“ - აცხადებს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი.

მსგავსი შეჯიბრებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებისა და  საერთაშორისო ათლეტებისა და მაყურებლების მოზიდვაში.

„ეს ღონისძიება არის განსაკუთრებულად კარგი მაგალითი დონორთა კოორდინაციის. სადაც, ევროკავშირი, შვედეთი, ავსტრია და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი თანამშრომლობით, მიზნად დავისახეთ საქართველოს მაღალმთიანი შორეული რეგიონების სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის და ცნობადობის გაზრდა და შედეგად ეკონომიკის გაძლიერება. ჩვენ გვსურს მივაღწიოთ შედეგს, რაც გულისხმობს ტურისტებით სავსე სასტუმროებს, სტუმრებით სავსე რესტორნებს, სამუშაო ადგილებს, რომლებიც იქმნება ტურიზმის განვითარებით და აგრეთვე ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, რომელიც წელიწადის ყველა დროს აქტუალურია." - აღნიშნავს მარიკა ოლსონი - USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი საქართველოში.

პატარ-პატარა, თუმცა ფუნდამენტური ნაბიჯებით და სწორი აქცენტებით მიიღწევა სამთო კურორტების პოპულარიზაცია, რომელიც მოიზიდავს უამრავ ადგილობრივ თუ უცხოელ ათლეტს და სანახაობის მოყვარულს.

„სვანეთის რეგიონის ბენეფიტი ამ ღონისძიებიდან გამომდინარე განისაზღვრება ორი ინდიკატორით: ერთი არის ეკონომიკური ინდიკატორი, ვინაიდან ამ ადამიანებს, რომლებიც არიან სპორტსმენები, მწვრთნელები, დელეგაციის წევრები, მათი მხარდამჭერები, როგორც ტურისტებს შემოაქვთ დამატებითი შემოსავალი რეგიონში. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო არის რეგიონის და მისი ტურისტული პოტენციალის ცნობადობის ამაღლება, რაც გრძელვადიანი სარგებლის საწინდარია" - აცხადებს სამთო ტურიზმის ღონისძიებების ორგანიზატორი გურამ ვაშაყმაძე.