სურსათის უვნებლობის რეფორმების მამოძრავებელი არის ევროკავშირთან დაახლოება, თუ ეს აღარ იქნება, გაურკვეველია ამ სფეროში რა მოხდება, - ამის შესახებ „კომერსანტის დილაში“ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის დახმარების გარეშე სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმების განხორციელება წარმოუდგენელი იქნებოდა.

„ყველა ქვეყანაში სურსათის უვნებლობა გამოწვევაა. 40 000 ადამიანი როდესაც იწამლება წელიწადში, რაც ოფიციალური სტატისტიკაა, რა თქმა უნდა ეს პრობლემაა და ეს არის სფერო რომელსაც მუდმივად სჭირდება ყურადღება და განვითარება. საქართველოში ევროპული მოდელის გადმოღებით შეიქმნა სურსათის კონტროლის ჩარჩო.

სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმების განხორციელება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩნდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დადების პერსპექტივა. მთელი ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობდა ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად. ძალიან ამბიციური მრავალწლიანი გეგმა გაიწერა და საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს ამ სფეროში 200 ნორმატიულ აქტს. ევროკავშირის დახმარების გარეშე სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმების განხორციელება წარმოუდგენელი იქნებოდა. სეს-ი ფაქტობრივად ინსტიტუციად შედგა ევროკავშირის დახმარების შემდეგ. ათეულობით მილიონობით დახმარება გაიცა მათი მხრიდან და ეს დღემდე გრძელდება.

ძალიან დიდი დახმარება გასწია ევროკავშირმა სურსათის უვნებლობის მიმართულებით. საერთოდ სეს-ი დღევანდელი ფორმით რომ არსებობს, ეს არის სწორედ ევროკავშირის და სხვა დონორების დახმარებით. საერთოდ სურსათის უვნებლობის რეფორმების მამოძრავებელი არის ევროკავშირთან დაახლოება, თუ ეს აღარ იქნება, გაურკვეველია ამ სფეროში რა მოხდება“, - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით მოწამვლის ან დაავადების 40 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხება, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, რეალურად რიცხვები გაცილებით მეტია, რადგან უამრავი ადამიანი არ მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას მსუბუქი მოწამვლის დროს.