თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ძლიერმა სეტყვამ მევენახეებს მოსავალი თითქმის სრულად გაუნადგურა. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის 90%,უბრალოდ აღარ არსებობს. რაც გადარჩა, გასაყიდად ისიც უვარგისია.

ნახევარსაათიანმა სეტყვამ ათობით გლეხი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დატოვა. ადგილობრივებმა ისიც კი არ იციან, როგორ გადაიხდიან საბანკო ვალდებულებებს, რომელიც ვენახების გასაშენებლად ჰქონდათ აღებული.

დაზიანებულია ვაზის რქაც, რაც იმას ნიშნავს, რომ დასეტყვილი ვენახები მომდევნო 2 წლის განმავლობაში ყურძენს ან საერთოდ აღარ მოისხამს, ან მიზერული რაოდენობით.  გლეხები, რომლებიც აქამდე ყურძენს ისედაც იაფად აბარებდნენ, ახლა საერთოდ მოსავლის გარეშე დარჩნენ. ვითარება იმდენად კრიტიკულია, რომ გლეხები ვარაუდობენ, რომ პირადი მოხმარებისთვის საჭირო ყურძნის შეძენაც კი სხვისგან მოუწევთ.

მოსახლეობას სოფელ აკურაში მძიმე ზამთრის გადატანა მოუწევს. ვენახებთან ერთად, სრულად განადგურებულია ხეხილის ბაღებიც. ხალხი კომპენსაციას ითხოვს, თუმცა ადგილზე არც კერძო დაზღვევის და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან და ზარალი არ დაუთვლიათ.

წყარო: tv pirveli