სოჭის წყლებში მაზუთში დასვრილი ფრინველების რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ “ინტერფაქსს” სოჭის გეოგრაფიული საზოგადოების (სგს) პრესსამსახურში განუცხადეს.
მაგალითად, ბოლო ორი დღის განმავლობაში სოჭის ფრინველთა გადარჩენის ცენტრში მაზუთით დასვრილი 50-მდე დიდი (ქოჩორა) მურტალა მიიყვანეს, რომლებიც მანამდე ქალაქში ნაკლებად დაფრინავდნენ.
სგს-ის მეცნიერთა აზრით, ეს შავი ზღვის სამხრეთისკენ პლანქტონისა და თევზის მიგრაციას უკავშირდება, რასაც შემდეგ საკვების მისაღებად დიდი სოჭის რაიონში ფრინველების გადაფრენა მოჰყვა. მათი ნაწილი მანამდე ქერჩის სრუტეში ჩაძირული ტანკერების მიმდებარედ დაბინძურდა.
ორგანიზაციის ცნობით, სოჭი არ შედის იმ ტერიტორიის საზღვრებში, სადაც საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული, ამიტომ ფრინველების გადარჩენას გეოგრაფიული საზოგადოების ბაზაზე მოხალისეები ცდილობენ. თუმცა დაშავებული ფრინველების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო მათ დასაბანად, სამკურნალოდ, გამოკვებისა და რეაბილიტაციისთვის მუშახელის მკვეთრი დეფიციტია.
ამასთან, ანომალიურად თბილი ზამთრის გამო გადამფრენი წყლის ფრინველები, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილი ღორიხვა საქართველოში არ გაფრენილან და გაზაფხულზე ევრაზიაში ბუდობისთვის მიგრაციამდე დღემდე სოჭში რჩებიან.
სოჭის გეოგრაფიული საზოგადოება სამხრეთ რუსეთში უდიდესი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 369 წევრს აერთიანებს. 27 იანვრის მდგომარეობით, მოხალისეებს 260-ზე მეტი ფრინველი ჰყავდათ გადარჩენილი. ეს ფრინველებია დიდი მურტალა, ღორიხვა და ჩვამა.
ცნობისთვის: რუსული ტანკერები, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ქერჩის სრუტეში 2024 წლის 15 დეკემბერს ჩაიძირა. ფედერაციის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, აკვატორიაში 4 ათასი ტონა მაზუთი დაიღვარა, რომელთა ნაწილი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ ამ ინციდენტს 21-ე საუკუნის დადგომის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა უწოდა, რომლის შედეგების სრულად აღმოფხვრას სამ წელზე მეტი დრო დასჭირდება. ყუბანში, ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.
წყარო: bpn.ge