შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულების სამაშველო სამუშაოებში ჯარი ჩაერთვება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ორშაბათი, 7 აგვისტო, გლოვის დღედ გამოცხადდა.
„მე თავად მოვინახულე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები, ძალიან მძიმე ვითარებაა, ფაქტობრივად უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და დაფარული არის პრაქტიკულად, სამწუხაროდ, კოტეჯების ნაწილი მთლიანად არის დაფარული.
რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა. ეს მდგომარეობა გვაქვს ამ მომენტისთვის. ჩვენ ასევე გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვირას, რა თქმა უნდა, აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს. ეს შემიძლია გითხრათ ამ ეტაპისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.