საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა, სადაც შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი, ერთი წლის წინ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაზე ინფორმაციას მიიღებენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მოუსმინონ ექსპერტებსაც და დასვან კითხვები.
„დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის ექნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. დამატებითი კითხვები თუ ექნებათ, ამ დამატებით კითხვებსაც ჩავუღრმავდებით. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ, უკვე გავეცი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი.
შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება,- ასე ფიქრობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე.
შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის კვლევისთვის მეცნიერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მოიცავს ათამდე ქვეყანას, მათ შორის კანადას, აშშ-ს, შოტლანდიას, გერმანიას, საფრანგეთს, ჩილეს და ჯამში, ქართველი მეცნიერების ჩათვლით საუბარია 25 მეცნიერზე.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მდინარე ბუბასწყლის ხეობაში მეწყრული პროცესები 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარდა. განადგურდა კურორტ შოვის 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლები და ობიექტები.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე კვლევაზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ ადრეული შეტყობინების სისტემას რომ ეარსება, ადამიანების ევაკუაცია შესაძლებელი იქნებოდა, სხვა, ვერაფერი გაკეთდებოდა, რადგან დიდი მასშტაბის ბუნებრივი მოვლენაა მომხდარი.
გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს სტიქიის გამომწვევი მიზეზები, დამდგარი შედეგები, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები, ერთი წლის შემდეგაც მიმდინარეობს.
რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიის გამოძიება?