შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა შოვში, ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.

„ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ.

აქ აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, - განაცხადა პრემიერმა.

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს.

წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება,- ასე ფიქრობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე.

შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის კვლევისთვის მეცნიერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მოიცავს ათამდე ქვეყანას, მათ შორის კანადას, აშშ-ს, შოტლანდიას, გერმანიას, საფრანგეთს, ჩილეს და ჯამში, ქართველი მეცნიერების ჩათვლით საუბარია 25 მეცნიერზე.

2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მდინარე ბუბასწყლის ხეობაში მეწყრული პროცესები 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარდა. განადგურდა კურორტ შოვის 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლები და ობიექტები. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე კვლევაზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ ადრეული შეტყობინების სისტემას რომ ეარსება, ადამიანების ევაკუაცია შესაძლებელი იქნებოდა, სხვა, ვერაფერი გაკეთდებოდა, რადგან დიდი მასშტაბის ბუნებრივი მოვლენაა მომხდარი.

გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს სტიქიის გამომწვევი მიზეზები, დამდგარი შედეგები, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები, ერთი წლის შემდეგაც მიმდინარეობს.

რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიის გამოძიება?