შავი ზღვის სანაპიროზე დაზიანებული რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერის, ვოლგონეფტ-239-იდან გადმოღვრილი ნავთობის ახალი ფენა აღმოაჩინეს.
ამჟამად გემი რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ტამანის პორტთან ახლოს მდებარეობს.
"ვოლგონეფტ-239-ის უკანა ნაწილის შემოწმებისას სპეციალისტებმა ნაპირზე დაახლოებით 2 800 კვადრატული მეტრის ზომის ნავთობის ფენა აღმოაჩინეს". - წერს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერების, ვოლგონეფტ-239-ისა და ვოლგონეფტ-212-ის დაზიანების შემდეგ სანაპიროებზე ჩაღვრილი ნავთობი ირიყება.
რუსეთის ცნობით, ორი ტანკერიდან შავ ზღვაში 2 400 ტონა მაზუთი ჩაიქცა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ რუსეთი "საერთაშორისო უპასუხისმგებლობაში" დაადანაშაულა. მისივე თქმით, "გარემოზე საზარელი შედეგების დამალვის" მცდელობით, რუსეთმა შავი ზღვის რეგიონი უარყოფითი შედეგებისადმი დაუცველად დატოვა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ეს შემთხვევა "ყელაზე სერიოზული ეკოლოგიური გამოწვევაა", რომლის წინაშეც რუსეთი ბოლო წლებში დადგა.
ახლანდელი მონაცემებით, სამხრეთ რუსეთისა და ყირიმის პლაჟებიდან 147 000 ტონაზე მეტი დაბინძურებული ქვიშა და მიწა არის მოშორებული.
ნავთობის ფენები ყირიმის ქალაქ სევასტოპოლშიც არის შემჩნეული, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 250 კილომეტრით არის დაშორებული.
15 დეკემბერს რუსული ტანკერები ვოლგონეფტ-212 და ვოლგონეფტ-239 ქარიშხალში მოყვა- ერთ-ერთი მათგანი, ვოლგონეფტ-212 შუაზე გადატყდა და შავ ზღვაში ჩაიძირა, ვოლგონეფტ-239 კი დაზიანდა და სანაპიროზე გამოირიყა.
წყარო: ტაბულა