პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნისთვის მომხმარებლის თანხმობა იქნება საჭირო.
ამავდროულად, მომხმარებელს შეეძლება მიცემული თანხმობა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიხმოს. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში პირის მონაცემთა დამუშავება შეწყვიტოს. აღნიშნული ცვლილება 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება .
ცვლილებების თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივნისიდან ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომლებშიც სავალდებულო იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის არსებობა, ესენია:
- საჯარო დაწესებულება (გარდა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებისა)
- სადაზღვევო ორგანიზაცია
- კომერციული ბანკი
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
- საკრედიტო ბიურო
- ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია
- ავიაკომპანია
- აეროპორტი
- სამედიცინო დაწესება, რომელიც მომსახურებას უწევს წელიწადში არანაკლებ 10 000 მონაცემთა სუბიექტს
- ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.