2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.5 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მილიარდ ლარს მიაღწია. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით დინამიკური პორტფელის რეალურმა გაწლიურებულმა ამონაგებმა 8.5% შეადგინა, ამავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური გაწლიურებული ამონაგები შესაბამისად 8.2% და 7.6% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების პროპორციაა. მარტის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 49.4%, დაბალანსებულში 30.8%, ხოლო კონსერვატიულში 16.3% იყო.

გარდა ამისა, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 604 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 17,942-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 74.9 მლნ ლარი.

საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.5 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მლრდ ლარს გადააჭარბა.