სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17.2 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.2 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 15.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 14.7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 9.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 16.4 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 144.2 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 28.1 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 55.6 პროცენტი – ღორი, ხოლო 15.4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი, რომელიც არ მოიცავს ფრინველს, 0.8 პროცენტს შეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 009.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, სასაკლაოების მიერ 2024 წლის მესამე კვარტალში 16.8 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.4 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 34.3 პროცენტი – ღორის ხორცზე, 2.2 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 8.4 ათას პირს, საიდანაც 57.0 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 030 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 37.6 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 31.0 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.1 ლარი.
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 301 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც – 60.5 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. საანგარიშო პერიოდში, მომსახურება გაეწია 382 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 1 057 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 741 კაცით განისაზღვრა.
ამასთან, 2024 წლის მესამე კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული იყო 94.3 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 41.8 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19.5 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 18.5 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 8.3 პროცენტი – თევზეული, 6.7 პროცენტი – რძის პროდუქტები და 5.2 პროცენტი – სხვა პროდუქტები.
2024 წლის მესამე კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 15.8 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 23.5 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 60.7 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.2 მლნ. ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 144.8 მლნ ლარის ღირებულების 24.9 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ 29.7 პროცენტი შეადგინა, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 21.2 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა, ანუ ადგილობრივმა პროდუქციამ – 49.1 პროცენტი.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 37.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. საანგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 3.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 2.7 პროცენტს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.