2023 წელს საჯარო სამსახურის ბიურო უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მოსამართლეთა ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს. ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს გუშაგი ავრცელებს.
საჯარო სამსახურის ბიურომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს დაქვემდებარებულ პირთა სია იანვარში გამოაქვეყნა. წელს შესამოწმებელ პირთა სიაში 60 მოსამართლეა, აქედან 14 მოსამართლე ელექტრონული სისტემით და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო 46 კომისიის მიერ შეირჩა.
მათ შორის არიან მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ირაკლი ბონდარენკო, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და გიორგი მიქაუტაძე.
2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ შეისწავლა 21 მოსამართლის ფინანსური დეკლარაცია, რომელთაგან 17 დადებითად შეაფასა, 1 შემთხვევაში გაფრთხილებით შემოიფარგლა, 3-ში კი შეწყვიტა შესწავლა.
21 მოსამართლის დეკლარაცია შეისწავლეს 2021 წელსაც. ამ შემთხვევაში დადებითად მხოლოდ 12 მოსამართლე შეაფასეს, 4 შემთხვევაში მოსამართლეები დააჯარიმეს, ხოლო 5 შემთხვევაში გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.
2020 წელს შედარებით ნაკლები რაოდენობის მოსამართლე მოხვდა შესამოწმებელ პირთა სიაში: 14 მოსამართლიდან 11 დადებითად შეფასდა, 2 დაჯარიმდა, ხოლო 1-ს გაფრთხილება მიეცა.
2019 წელს 25 მოსამართლის დეკლარაცია შეამოწმა ბიურომ - 3 პირი დაჯარიმდა, ხოლო 2 შემთხვევაში გაფრთხილება მიეცათ. 2018 წელს 14 შემოწმებულ პირთაგან, მხოლოდ 7 შეფასდა დადებითად.