საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს (Georgian EMT-1) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის, ხელმოწერით საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა.
აღნიშნული კლასიფიკაცია ცენტრის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ თუ საგანგებო სამედიცინო მისიებში.
სერტიფიკატი საქართველოს წარმომადგენლებს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, WHO-ს ორგანიზებულ EMT-ის მე-7 გლობალურ შეხვედრაზე გადაეცათ. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი და სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე ესწრებოდნენ.
გარდა ამისა, საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის გადაუდებელი დახმარების გუნდების რეგიონულ და სტრატეგიულ მრჩეველთა შეხვედრებში.
სამუშაო ვიზიტი ეთიოპიაში 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღოდა საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტები და წარმატებული ვერიფიკაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს