ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში - ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლის განმავლობაში, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება. რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით.
ამ ცვლილების დაანონსების მიუხედავად, პაციენტების ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. მათი მოთხოვნაა, დაფინანსდეს ის ინოვაციური მედიკამენტებიც, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში არ შედის, ასევე დაფინანსდეს ადრეული დიაგნოსტიკა, გენეტიკური კვლევები და სხვა.
ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ჯერ კიდევ თვეების წინ დაჰპირდა, ისიც ითქვა, რომ ონკომედიკამენტებს ულიმიტოდ შემოიტანდა, რაც ვერ შეასრულა და სერიოზული დეფიციტი შეიქმნა.
„მთავრობის დაპირებით ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტები უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად უფასო და ულიმიტო, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. იმის გამო, რომ ვერ შეძლეს მედიკამენტების ჩამოტანა, ხალხი დარჩა წამლის გარეშე.
სახელმწიფომ კერძო კომპანიები ამ თემიდან გასწია. შესაბამისად, ფარმაცევტულ კომპანიებს აღარ უღირთ ამ მედიკამენტების შემოტანა, რადგან ფასები არის ლიმიტირებული და მოგება არის მიზერული. ზღაპრები მოვისმინეთ იმის შესახებ, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს 3000%-იანი და 5000%-იანი ფასნამატი აქვს. ეს რეალური არ არის“, - ამბობს ვატო სურგულაძე.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თანამედროვე სამედიცინო სერვისების დაფინანსების პრობლემის მოგვარება სადაზღვევო სფეროს განვითარებაშია.
„თანამედროვე ონკოლოგია ვითარდება, შესაბამისად, ძალიან ძვირია. სახელმწიფოს შეიძლება სურს დაფინანსება, მაგრამ საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხები, რის დაზოგვის ხარჯზე?
გვსურს, რომ შემოღებული იქნეს სავალდებულო საბაზისო დაზღვევა, რაც ასობით მილიონ ლარს გამოუთავისუფლებს სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ ეს მოსახლეობაში არაპოპულარული იქნება, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს.
მესმის, რომ პაციენტის პოზიციიდან სამართლიანია მოთხოვნა, რომ ხელი მიუწვდებოდეს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე. თუმცა საბოლოოდ, ისევ იქ მივდივართ, რომ საჭიროა შესაბამისი სადაზღვევო პაკეტები“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.