2024 წლის 10 თვის განმავლობაში, რუსეთში ალკოჰოლური სასმელების რეკორდული რაოდენობა - 184,2 მილიონი დეცილიტრი გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, 2024 წლის 10 თვეში გაყიდული ალკოჰოლის რაოდენობა 2017 წლის მონაცემებზე 21%-ით მეტია. სწორედ 2017 წლიდან დაიწყო ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნება. მიმდინარე წლის მაჩვენებელი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 0,8%-ით აღემატება. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა ლიქიორისა და ისეთი ძლიერი ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებმა, როგორიც არის ვისკი, რომი და ჯინი.
ასევე რეკორდულია არყის გაყიდვების მაჩვენებელი. 2024 წელს 62,5 მილიონი დეცილიტრი არაყი გაიყიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 15%-ით მეტია. გაზრდილია ღვინის გაყიდვებიც. ცქრიალა ღვინო 2023 წელთან შედარებით 10.9%-ით მეტი გაიყიდა.
საგულისხმოა, რომ შემცირდა დაბალალკოჰოლური პროდუქტების გაყიდვები. გამოცემა ამის მიზეზად აქციზის ოთხჯერ გაზრდას ასახელებს, რამაც მსგავსი სასმელების წარმოება წამგებიანი გახადა.
რუსეთში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების ზრდა შესაძლოა რუსი სამხედროების მიერ სასმლის მოხმარებით აიხსნას. 2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო სასამართლოები უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ყოველდღიურად განიხილავენ ჯარში სიმთვრალის შემთხვევებს. გაიზარდა ნარკოტიკების დანაშაულებრივი საქმეების რაოდენობაც. საქმეები შეისწავლა გამოცემა "Верстка"-მ, რომელიც წერს, რომ რუსი სამხედროები საათობით სვამენ ყაზარმებში, განათების ჩაქრობის შემდეგ. გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები საბრძოლო ზონასა და სასაზღვრო საველე ბანაკებში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან ხდება. სამსახურში ალკოჰოლის დალევა უხეშ დისციპლინურ დარღვევად ითვლება. სანქციების სახით გათვალისწინებულია საყვედური, ასევე სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა სასჯელის რისკი სამხედროებს დალევისგან არ აჩერებთ.