რადიო კომერსანტის გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მამაცაშვილმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონზე ისაუბრა. ასევე განმარტა თუ რა შეიცვალა ცილისწამების დადგენის წესში და რა ცვლილება ამოქმედდება მომავალი წლიდან საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. 

მისი თქმით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი 2024 წლიდან მოქმედებს და ეს კანონი დაკავშირებულია აშშ-ის კანონმდებლობასთან და მის გამოცდილებასთან.

„დრომ აჩვენა, რომ ეს კანონი გამოდგა და ამაზე არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება მეტყველებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, თუნდაც ისეთ საკითხებზე, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს ეხებოდა“, - აღნიშნა მოსამართლემ. 

როგორც მან განმარტა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კანონით არის დაცული და გულისხმობს, რომ აზრი აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს. 

„ნებისმიერი აზრი გამოხატული ნებისმიერი ფორმით პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულია. თავად აზრი არის შეფასებითი კატეგორია, კომენტარი შეხედულება, დამოკიდებულება პიროვნების მიმართ, საგნის ან თემის მიმართ და რაც მთავარია, ის არ უნდა ადასტურებდეს და არც უნდა უარყოფდეს ფაქტს. ის უნდა იყოს უბრალოდ სუბიექტის შეფასება“, - განაცხადა ქეთევან მამაცაშვილმა. 

მისივე თქმით, აზრისგან განსხვავებით, შეზღუდვა ვრცელდება მოწოდებაზე ან განცხადებაზე, რადგან მათი ავტორი ყოველთვის ფიქრობს, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ ქმედებას. მოწოდება სარგებლობს კვალიფიციური პრივილეგიით, რაც ნიშნავს იმას, რომ პირი პასუხისმგებლობისგან სრულად არ თავისუფლდება, არამედ ნაწილობრივ ან პირობით. ესეც გარემოებებზეა დამოკიდებული და სასამართლო ითვალისწინებს რა ქმედება გამოიწვია მოწოდებამ და იყო თუ არა ის ამ ქმედებისკენ მიმართული. 

მოსამართლის შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობაში ერთ-ერთი მიღწევა იყო ის, რომ ცილისწამებაზე პასუხისმგებლობა გაუქმდა, რის შემდეგადაც ამგვარი ქმედების შესახებ ჩანაწერი სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში აისახა.

ცილისწამების შემთხვევაში მნიშვნელოვანია თუ ვინ განახორციელა სავარაუდო ცილისწამება კერძო პირმა თუ საჯარო პირმა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ყველაზე კარგი სამართლებრივი გარანტია ის არის, რომ თავად უფლების შემზღუდველმა ანუ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს რომ ცილისწამება განხორციელდა.

„თუ მოპასუხე საჯარო პირია, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა თავიდანვე იცოდა, რომ ეს ინფორმაცია არასწორი იყო ან უხეში დაუდევრობა გამოიჩინა, რაც ძალიან მაღალი სტანდარტია.

როდესაც ხდება მითითება რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული, არის კორუმპირებული, პედოფილი ან სხვა, სასამართლო თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია არსებობდეს უტყუარი მტკიცებულება. უტყუარი მტკიცებულება კი არის განაჩენი და თუ განაჩენი არ არის, ეს ქმედება არ არის აზრი და ეს უკვე არის ცილისწამება. განაჩენი არ გვაქვს და გვრჩება უკვე არსებითად მცდარი ფაქტი, რომელმაც პირი დააზიანა“, - განმარტა მოსამართლემ. 

ასევე აღინიშნა, რომ პასუხისმგებლობის ნაწილში, თუ ცილისწამება დადგინდება, სასამართლო უფლებამოსილია მოპასუხე მხარეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა და ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს.

მისივე თქმით, ცილისწამების საკითხზე მედიის შემთხვევაში სტანდარტი სხვაგვარია, რადგან ინფორმაციის წყარო აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული. ჟურნალისტი წყაროს ვერ გასცემს და ამას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობა, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანი ან სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, რომ ინფორმაციის წყაროს ვინაობა ცნობილი გახდეს.  

გადაცემაში საუბარი იყო ასევე ინფორმაციის მიღების საკითხზე, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილზე. ამ კუთხით საუბარი შეეხო სასამართლო გადაწყვეტილებების გაცნობის წესს და ხაზი გაესვა ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საჭიროებას. 

მოსამართლის განმარტებით, არსებული კანონმდებლობით საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილება არ ქვეყნდება დაუშტრიხავი სახით, რის გამოც ის დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი რ არის. ეს კი საჯაროობის ინტერესს ზღუდავს.

შესაბამისად,  სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ნაწილში საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მე-13 მუხლში განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. 

„დღესდღეობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებგვერდზე დაშტრიხული ფორმით, ხოლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული ღია სასამართლო სხდომაზე, მას მერე, რაც შევა კანონიერ ძალაში, გახდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემის წესით, თუმცა ისინი სასამართლოს ვებგვერდზე დაშტრიხული სახით მაინც გამოქვეყნდება“, - განმარტა მოსამართლემ.