მიმდინარე კვირას TECH INFORM-ის ფოკუსში მზის ენერგია აღმოჩნდა, BMG TV-ის ეთერში კომპანია Ohm Energy-ს მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი უბილავამ სახლებში მზის სადგურების დამონტაჟების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზის პანელების დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი კომუნალური ხარჯების შემცირება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
Ohm Energy-ს მმართველმა პარტნიორმა უკუგების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტანდარტულ ოჯახს დაახლოებით 5-კილოვატიანი მზის სადგური სჭირდება, რომლის ღირებულება 4,000-5,000 დოლარის ფარგლებშია. ამ ინვესტიციის ამოსაღებად საშუალოდ 7-8 წელიწადია საჭირო, თუმცა აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ეს ხანგრძლივობა მიმდინარე, 26-თეთრიანი ტარიფითაა დათვლილი, მაგრამ ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში, საწყისი ინვესტიციის ამოღების პროცესი დაჩქარდება.
ირაკლი უბილავას განმარტებით, კომერციული მომხმარებლებისთვის უკუგებას ნაკლები დრო სჭირდება, კერძოდ, 4-5 წელი, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მათ ელექტროენერგიაზე უფრო ძვირი ტარიფის გადახდა უწევთ და მასშტაბებიც შედარებით უფრო დიდი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ოჯახებს.
აღსანიშნავია, რომ შენობაში შემნახველი სისტემის, ანუ აკუმულატორების არსებობის შემთხვევაში, მზის ენერგიას სათადარიგო ენერგიის წყაროს როლის შესრულებაც შეუძლია. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენს სახლსა თუ ოფისს 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად ექნება ელექტროენერგია, მაშინაც კი, თუ ქსელი მის მიწოდებას დროებით შეგიწყვეტთ.