რადიო მაუწყებლობის სახეობებს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა ემატება. შესაბამისი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გიორგი გაბუნია და ნოდარ ტურძელაძე არიან.
ცვლილებების მიხედვით, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 2 000 ლარი იქნება. ცვლილებებით, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის მიზანი იქნება, ხელი შეუწყოს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას. პროექტით, ამ სახეობის მაუწყებლობაში ტელეშოპინგი აიკრძალება.
„ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების მიუხედავად, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვიზუალური და პირდაპირი რადიომაუწყებლობა დღესაც კომუნიკაციის, საზოგადოების კულტურის ამაღლებისა და ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ანგარიშგასაწევ საშუალებად რჩება. საქართველო, როგორც დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ქვეყანა, მდიდარია მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლებით. ქართველმა ხალხმა ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე კაცობრიობას ხელოვნებისა და კულტურის უნიკალური მემკვიდრეობა შესძინა, რაც სამეცნიერო კვლევებითა და სხვადასხვა სახის არაერთი საერთაშორისო აღიარებით დასტურდება. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, რომ 2001 წელს, იუნესკო-მ ქართული მრავალხმიანობა, ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურის განუყოფელი ნაწილი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელი შედევრების ნუსხაში შეიტანა. კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების მსგავსი სამართლებრივი რეგულირება და პრაქტიკა არსებობს განვითარებად ქვეყნებში. ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტად აღებული იყო იუნესკო-ს მიერ შემუშავებული კონვენციები, კერძოდ, პარიზის 2003 წლის 17 ოქტომბრის კონვენცია „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“. კულტურულ-საგანმანათლებლო რადიომაუწყებლობის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს თაობათა შორის ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას, დეცენტრალიზაციის პროცესის დაჩქარებას, ახალი კულტურულ-შემოქმედებითი იდეების დაბადებას, განვითარებას, ხორცშესხმასა და ჩვენი ქვეყნის კულტურულ სივრცეში აკუმულირებას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.