როგორც ცნობილია, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება.
პარლამენტში მთავრობის ინიციატივით საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, რომლის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება.
მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრავს.
ლიცენზიის აღების ღირებულება 63 მუნიციპალიტეტში 50-75 ლარამდე იქნება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად საჭირო და დროულია ეს საკანონმდებლო ინიციატივა და რამდენად არიან მზად რეგიონები, რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ტაქსების ფედერაციის დამფუძნებელმა, ზურაბ აგლაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული სექტორის მოწესრიგება აუცილებელია.
„რეგიონებში ამ საკითხის მოწესრიგება ბევრისთვის არაპოპულარული იქნება. ზედმეტის გადახდა არავის უნდა, მაგრამ ეს არა არის ელემენტარულად სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადატანა. ეს არის ხალხის გადაყვანის სერვისი, შესაბამისად აუცილებლად უნდა იყოს რეგულირებული, რადგან ეს საშუალებას მისცემს აღირიცხოს და ლიცენზირების შემთხვევაში, ზუსტად იყოს განსაზღვრული მანქანების ტექნიკური მდგომარეობა, მათი მიმართულებების დადგენა და ამასთან ერთად, გაუგებრობა რომ არ მოხდეს, აუცილებლობაა, რომ რაღაც ნიშნით, სტიკერით ან შეფერილობით, გამოყოფილი იყოს ასეთი მანქანები“.
როგორც აგლაძემ აღნიშნა, აღსრულების მექანიზმში საპატრულო პოლიცია უნდა იყოს ჩართული და მათი დახმარებით უნდა მოხდეს ადმინისტრირება.
„თბილისის მაგალითზე, იყო შემთხვევები, როდესაც არც ლიცენზია ჰქონდათ ტაქსებს, არც შესაბამისი შეფერილობა, უბრალოდ მათ ტრაფარეტი არ ედგათ და ასე აგრძელებდა მუშაობას.
ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს, გარისკოს თუ არ გარისკოს, უღირს თუ არ უღირს. რეგიონებში არამგონია ჰქონდეთ იმხელა შემოსავალი, უღირდეთ ჯარიმების გადახდა.
რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს, აქ შეიძლება ჩართული იყოს რეგიონული საპატრულო პოლიცია და მათი დახმარებით უნდა მოხდეს ადმინისტრირება.
ეს არის აუცილებლობა. ხალხი უნდა იყოს დაზღვეული და გარანტირებული, მაქსიმალურად უსაფრთხოდ იმგზავრონ. გასაგებია, ზედმეტი გადასახადი არავის უნდა, მაგრამ ეს იმდენად სარისკო და მნიშვნელოვანი საქმეა, მსგავსი რეგულაციების ამოქმედება საჭიროა“.
საქართველოს ტაქსების ფედერაციის დამფუძნებლის თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა ტარიფების მცირედით მატება გამოიწვიოს.
„ეს არის პროფესია, ზოგი დროებითაა ამ სფეროში დასაქმებული, ზოგისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამიტომ ეს რეგულაცია გამოიწვევს იმას, რომ ადამიანმა გადაწყვიტოს, თუ ეს მისი პროფესიაა, კეთილი უნდა ინებოს და როგორც მართვის მოწმობას იღებს და მანქანას გარკვეულ ტექნიკურ მომსახურებას უწევს, მსგავსად აიღოს ლიცენზია და ჩაერთოს ამ პროგრამაში.
ტარიფებს არეგულირებს ბაზარი. ოდნავ შეიძლება ტარიფების გაძვირება გამოიწვიოს, მაგრამ მგზავრს ურჩევნია ოდნავ მეტი გადაიხადოს და ლიცენზირებული ტრანსპორტით იმგზავროს.
თუ ირჩევენ პროფესიად ამ მიმართულებას, კეთილი უნდა ინებონ და მოერგონ ელემენტარულ სტანდარტებს, რაც დაწესდება,“ - აღნიშნა აგლაძემ.