2023 წლის მსოფლიო თასის მეორე მატჩში, ტულუზში, საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში აუტსაიდერ პორტუგალიასთან მარცხს ბოლო წუთებზე თენგიზ ზამთარაძის ლელოს და ლუკა მატკავას გარდასახვის წყალობით გადაურჩა და მატჩი ფრედ 18:18 დაასრულა.

პირველი ტაიმი ქართველმა „ბორჯღალოსნებმა“ თავიანთი უპირატესობით, ანგარიშით 13:5 დაასრულეს, თუმცა მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მორაგბეების არაერთი შეცდომის წყალობით, პორტუგალიის ნაკრები გამარჯვებასთან საკმაოდ ახლოს იყო. კულმინაციური მომენტი თამაშის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე დადგა, რის წყალობითაც ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში გაათანაბრეს. ახლა კი ისინი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ჯგუფში თანაბარი ქულით აუტსაიდერები არიან.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებმა" მიმდინარე ტურნირზე პირველი თამაში ავსტრალიასთან 15:35 წააგეს.

C  ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ავსტრალიისა და პორტუგალიის გარდა უელსი და ფიჯი არიან. ამ დროისთვის ამ ჯგუფში 10 ქულით უელსი ლიდერობს, ფიჯისა და ავსტრალიას 6-6 ქულა აქვთ, ხოლო საქართველოს და პორტუგალიას - 2-2.

ქართველი „ბორჯღალოსნები“ შემდეგ მატჩში, 30 სექტემბერს, ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.