დღეს პირველ მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღეა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება“ აქციას გამართავს, მათი მთავარი მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ხელფასის სტანდარტის დანერგვა, საარსებო მინიმუმის ხელფასის დათვლის მოძველებული მეთოდოლოგიის ჩანაცვლება და მშრომელთა ისეთი ანაზღაურების დამკვიდრებაა, რომელიც ცხოვრების მინიმალურ ბაზისურ სტანდარტებს უზრუნველყოფს.

„საქართველოში მშრომელი ადამიანები კვლავ დაუფასებლები არიან. მიუხედავად წარმატებული პროფკავშირული საქმიანობისა და ბრძოლისა, მათი საქმიანობა არაა აღიარებული, მთავრობა კი სოციალურ პარტნიორად მხოლოდ პეტრიაშვილის არადემოკრატიულ, ყვითელ პროფკავშირს მოიაზრებს. ქვეყანაში მინიმალური ხელფასი კვლავ თვეში 20 ლარია. არსებობს პროფესიები, სადაც კვირაში 48 საათიანი შრომის მიუხედავად კომპანიები მშრომელებს ქვეყანაში არსებულ ზღვრულ საარსებო მინიმუმზე დაბალ თვიურ ანაზღაურებას უხდის (მაგ: სანიტრები - თვეში 147 ლარი). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფკავშირის ბრძოლის შედეგად მთავრობამ წინ გადადგა პირველი ნაბიჯი და ექთნებისა და ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურების სტანდარტის დაწესებით გაზარდა მათი ხელფასები, განსაკუთრებით რეგიონებში დასაქმებულებისთვის, ეს არაა საკმარისი და საჭიროა საქართველოში ყველა პროფესიაზე გავრცელდეს! ამავდროულად, ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაო პირობები ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს. მთელ რიგ კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება. ადგილი აქვს პროფკავშირული საქმიანობის შეზღუდვას, დასაქმებულთა დისკრიმინაციას, კოლექტიური გათავისუფლებებსა და გათავისუფლებულთა პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას, რისი ნათელი მაგალითიც არის კულტურისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესები.

„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება“ ვითხოვთ:

1.სახელმწიფომ დაიწყოს საცხოვრებელი ხელფასის სტანდარტის დანერგვა, ჩაანაცვლოს საარსებო მინიმუმის ხელფასის დათვლის მოძველებული მეთოდოლოგია, რომელიც არც 30 წლის წინ და  არც ახლა არ აკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი გულისხმობს მშრომელთა ანაზღაურების ისეთ სტანდარტს, რომელიც უზრუნველყოფს „სულ მინიმუმ ბაზისური, თუმცა ღირსეული ცხოვრების პირობებს, რაც საზოგადოების მიმდინარე ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისი იქნება. მშრომელები და მათი ოჯახები უნდა ცხოვრობდნენ სიღარიბის ზღვარს ზემოთ და შეძლონ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება.“

2.დაინერგოს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი ყველა სფეროში დასაქმებულებისთვის, რადგან 24 წლის წინ მიღებული მინიმალური ხელფასის სტანდარტი თვეში 20 ლარი საგანგაშოდ შეუსაბამოა.

3.გამოცხადდეს 1 მაისი უქმე დღედ!

4.მოხდეს სამმხრივ კომისიაში, „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების“ დაშვება. დასრულდეს მთავრობისა და „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ მხრიდან ჩვენი გაერთიანების დისკრიმინაცია კომისიაში მონაწილეობაზე უარის თქმით. ჩვენი პროფკავშირი აერთიანებს 5 პროფესიულ კავშირს, რომლებიც არ არიან  „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ წევრები. ჩვენ ვაერთიანებთ ჯანდაცვის, ზრუნვის, ტრანსპორტის, მეცნიერების, კულტურის, განათლების, მომსახურების და ფინანსურ სფეროებში დასაქმებულებს. დაუშვებელია ამ დასაქმებულებისა და მათი ბრძოლის იგნორირება, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც ჩვენი პროფკავშირის წევრები არიან. ახალ გაერთიანებას ერთობლივადაც და მის დამფუძნებელ ორგანიზაციებს ცალ-ცალკეც გვაქვს დიდი გამოცდილება დასაქმებულთა ინტერესების დაცვის მიმართულებით, ეს არის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, კანონპროექტების წერა, სასამართლო დავები თუ გაფიცვების ორგანიზება, ჩვენ ვეხმარებით ქვეყანაში სოციოეკონომიკურ და დემოკრატიულ პროგრესს.“ -  წერია „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების“ განცხადებაში.